ახალი ამბები

პროტესტი, ბარიკადები, დაკავებები – შეტაკებების მეორე ღამე მინსკში[ფოტო]

11 აგვისტო, 2020 • 1241
პროტესტი, ბარიკადები, დაკავებები – შეტაკებების მეორე ღამე მინსკში[ფოტო]

საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით გამოწვეული პროტესტი და შეტაკებები მინსკის ცენტრში ორშაბათის ღამითაც გაგრძელდა. პოლიციამ კვლავ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მომიტინგეთა წინააღმდეგ, რომლებიც ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოვიდნენ. სახელმწიფო უწყებებმა ერთი ადამიანის დაღუპვა დაადასტურეს.

ABC-ის თანახმად, პროტესტის მეორე დღეს აქციის მონაწილეები კვლავ ფართოდ მობილიზდნენ დედაქალაქის ქუჩებში. დღისით, პოლიციის წინააღმდეგობის პარალელურად, მინსკში დემონსტრანტთა მცირე ჯგუფები გადაადგილდებოდნენ, თუმცა ღამით მათი რიცხვი გაიზარდა და კვლავ ათასობით ადამიანმა გადაკეტა ცენტრალური ქუჩები. სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, ქუჩებში ასობით მანქანა ჩერდებოდა, რომელთა მძღოლებიც აქციის მონაწილეებს სიგნალებით უცხადებდნენ სოლიდარობას.

პოლიცია პროცესში სწრაფად ჩაერია და სპეციალური საშუალებები გამოიყენა დემონსტრანტთა მიმართ, არაერთი მათგანი კი დააკავა. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა თავდაცვის მიზნით ბარიკადები ააგო, ზოგიერთი მათგანი კი ხელნაკეთ ბომბებსა და ფოიერვერკს იყენებდა სპეცრაზმელთა მოსაგერიებლად.


ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დაიღუპა აქციის ერთი მონაწილე. ხელისუფლების ვერსიით, ის  “უცნობი ასაფაეთქებელი მოწყობილობის სროლას ცდილობდა სამართალდამცავთა მიმართ”, თუმცა ხელში აუფეთქდა.

კვირის მსგავსად, აქციები მინსკის გარეთ, ბელარუსის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობდა.

NetBlocks-ის თანახმად, ამ დრომდე  ინტერნეტთან წვდომა დიდწილად შეფერხებულია. მსგავსი მოცემულობა იყო 10 აგვისტოსაც.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელიც ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად განიხილებოდა, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 10% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა, პირველ ადგილზე კი 80%-ით მოქმედი პრეზიდენტი გავიდა. ტიხანოვსკაიამ კენჭისყრის შედეგები არ ცნო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა.

ლუკაშენკო ქვეყანას 26 წელია მართავს. მან ოპოზიციის მხარდამჭერები “ცხვრებად” მოიხსენია და აღნიშნა, რომ არეულობას არ დაუშვებს.

ტიხანოვსკაიამ, რომლის მხარდამჭერ შეკრებებსაც არჩევნებამდე ათობით ათასი ადამიანი უერთდებოდა, აღნიშნა, რომ პროტესტში მონაწილეობას “პროვოკაციის თავიდან აცილების” მიზნით ერიდება. მისი გუნდის წევრების თქმით, ხელისუფლება ტიხანოვსკაიას, აქციაზე გამოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად დააპატიმრებს “არეულობის მოწყობის” ბრალდებით.

ლუკაშენკოს არჩევნების შედეგები ლუკაშენკოს უკვე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი არჩევნებამდე რუსულ სცენარზე საუბრობდა და ცდილობდა, ოპოზიცია მასთან დაეკავშირებინა. ლუკაშენკომ მილოცვები ასევე მიიღო რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნისა და ჩინეთისგან.

პარალელურად, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დერ ლეიენმა არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნება მოითხოვა და აღნიშნა, რომ ძალადობისა და რეპრესიის ადგილი ევროპაში არ არის.

აშშ-ში ამბობენ, რომ ვაშინგტონი “ღრმად შეშფოთებულია” არჩევნებით და მთავრობას მოუწოდებს, “პატივი სცეს მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას”.

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში იმყოფება

მასალების გადაბეჭდვის წესი