“ლეიბორისტული პარტიის” წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. როგორც მან “ნეტგაზეთს” უთხრა, დაყადაღებულია ანგარიშზე ჩარიცხული ხელფასი 500 ლარის ოდენობით.
ჩხარტიშვილი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს მისი ანგარიშების სწორედ ახლა დაყადაღებას.
“გადაწყვეტილებიდან 3-4 თვეზე მეტი იყო გასული, მაგრამ ახლახან დააყადაღეს. რა თქმა უნდა, არჩევნების მოახლოებას ვუკავშირებ და ზოგადად, ჩემს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტიურობას. ბოლო 7-8 თვის განმავლობაში სამი ადმინისტრაციული პოლიტდაკავება, ერთი სისხლის სამართლის საქმე და ახლა უკვე სანქციები… 7 ათასს ლარამდეა, ჯამში, სანქციების ოდენობა ამ დაკავებების გამო. ბუნებრივია, არ და ვერ ვიხდი და ამის მიუხედავად, ვაპირებ აქტიურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. ამგვარი მეთოდებით ვერც შევუშინებივართ და ვერც შეგვაშინებენ. ინკასო აქვს ჩემს 2 ანგარიშს, მაგრამ მარტო ეგ ხელფასი [500 ლარი] იყო და მეტი არაფერი ისეთი პრინციპული და დაყადაღებულია სრულად. ბუნებრივია, მე არ ვაპირებ გადახდას”, — აცხადებს ჩხარტიშვილი.
როგორც ის ამბობს, დღეს საქართველოში მოქმედი ჯარიმები მოქალაქეების რეალურ შემოსავალთან შედარებით არაპროპორციულია და აპირებს, რომ ამასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
“ვთვლი, რომ თვითონ ჯარიმის ოდენობა არის ანტიკონსტიტუციური და ვაპირებ, მომავალში აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელი შევიტანო. იმიტომ, რომ ამით არა მარტო ჩემი უფლებები ილახება, არამედ, ზოგადად, ჯარიმის მოცულობა არის აბსოლუტურად არაპროპორციული რეალურ საშუალო შემოსავალთან. ჩემს შემთხვევაში გამოდის, რომ ექვსი თუ შვიდმაგი ხელფასის ოდენობის”, — განაცხადა ჩხარტიშვილმა.
“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პირადი ინფორმაციაა და ამიტომ ინფორმაციას ვერ გასცემენ.
10 აგვისტოს “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემაც განაცხადა, რომ მასაც დაუყადაღეს ანგარიში და ისიც პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
