ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, ტროტუარზე დგომის გამო მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმზე სასამართლომ სამართალწარმოება შეწყვიტა და საქმე კვლავ შსს-ს დაუბრუნა. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს.

“და აი, 1 ნაბიჯი 1- წლიან ციხემდე. ტროტუარზე დგომის [გამო] სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყების დადგენილება ამ წუთას უკვე ოფიციალურად ჩამბარდა !!!”, – წერს ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში და სასამართლოს დადგენილების ფოტოებს აქვეყნებს.

დადგენილების მიხედვით, რომელიც 2026 წლის 8 იანვრით თარიღდება, შსს-მ ტროტუარზე დგომის გამო ჩხარტიშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა 2025 წლის 22 დეკემბერს. “ტროტუარის საქმეები” განიხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით. გამომდინარე იქიდან, რომ ჩხარტიშვილი ამ მუხლის საფუძველზე 2025 წლის 24 ოქტომბერსაც ცნეს სამართალდამრღვევად , ეს ამ მუხლის დარღვევის მეორე შემთხვევაა. “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, ამ შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება.

“… ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე”, – წერია დადგენილებაში, რომელსაც მოსამართლე თორნიკე კაპანაძე აწერს ხელს.

სწორედ ამიტომ, მოსამართლე კაპანაძემ შეწყვიტა ჩხარტიშვილის სავარაუდო სამართალდარღვევის საქმის განხილვა და ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმე “შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცეს შსს-ს”.

” …. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვის დროს ორგანო (თანამდებობის პირი) დაასკვნის, რომ დარღვევა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ის მასალებს გადაცემს პროკურორს ან გამოძიების ორგანოს”, – წერია მოსამართლის დადგენილებაში.

ამავე თემაზე:

ფოტო: ლევან ზაზაძე