ახალი ამბები

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში იმყოფება

11 აგვისტო, 2020 • 1301
ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყანა დატოვა და  ლიეტუვაში იმყოფება

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია ამჟამად უსაფრთხოდაა და ლიეტუვაში იმყოფება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი Twitter-ში წერს.

“მედუზას” ინფორმაციით, 10 აგვისტოს, საღამოს, ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვიზიტის შემდეგ სველტლანა ტიხანოვსკაიას გაუჩინარების შესახებ მისმა შტაბმა განაცხადა. გვიან ღამით ტიხანოვსკაია კონტაქტზე გამოვიდა, თუმცა მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.

პრესსპიკერ ანა კრასულინას თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვიზიტის შემდეგ ტიხანოვსკაიამ შეატყობინა, რომ “გადაწყვეტილება მიიღო”, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა.

ცენტრალურის საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 10% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა, პირველ ადგილზე კი 80%-ით მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოა. ტიხანოვსკაიამ კენჭისყრის შედეგები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა.

10 აგვისტოს, არჩევნების მეორე დღეს, ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაიაზე თავდასხმა აღკვეთა. ლუკაშენკოს თქმით, არჩევნების შემდეგ ტიხანოვსკაიას შტაბს დაცვა დაუნიშნეს, რათა “საკრარული მსხვერპლი” აერიდებინათ.


ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ მინსკისა და სხვა ქალაქების ქუჩებში დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკებები დაიწყო. ოფიციალურად დადასტურებულია ერთი ადამიანის დაღუპვა.

BBC-ის თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს არცერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აკვირდებოდა. მათ შორის, ეუთო/ოდირში აცხადებდნენ, რომ ბელარუსის მთავრობამ მათ არჩევნებზე დასაკვირვებლად აუცილებელი შესაბამისი მოსაწვევები დროულად არ გაუგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი