ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტის წინ „ამულსარის მთის მცველები“ დააკავეს

10 აგვისტო, 2020 • 1200
სომხეთის პარლამენტის წინ „ამულსარის მთის მცველები“ დააკავეს

10 აგვისტოს სომხეთის დედაქალაქ ერევანში, პარლამენტის შენობის წინ დააკავეს აქტივისტები, რომლებიც ამულსარის საბადოში გარემოს დამაზიანებელი სამუშაოების წინააღმდეგ იყვნენ შეკრებილი.

დემონსტრანტები სოფელ იარმუკის მოსახლეობის მიმართ სოლიდარობას გამოხატავდნენ და იქ მომუშავე კომპანიის მუშაობას აპროტესტებდნენ.

რამდენიმე დღის წინ სომხეთის სოფელ ჯერმუკში, სადაც ამულსარის საბადოა, სამუშაოების წინააღმდეგ შეკრებილ მოქალაქე აქტივისტებს, რომლებმაც საბადოსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს, პოლიცია დაუპირისპირდა. სომხური მედიის ცნობით, აქციაზე, რომელსაც დაახლოებით 1000-მდე ადამიანი შეუერთდა, შეტაკების დროს პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს არ სურს, რომ კერძო კომპანიის მიერ ოქროს მოპოვების მიზნით მთის ექსპლუატაცია მოხდეს.

საბადოზე სამუშაოებს კომპანია Lydian Armenia აწარმოებს. აქციები საბადოში სამუშაოების წინააღმდეგ 2014 წლის შემდეგ პერიოდულად იმართება. აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა სოფელში გზას კეტავს. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობა საბადოს მისადგომებთან ჩადგმულ ვაგონებში მორიგეობს.

მანამდე, 27-28 ივლისს, აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად 12 აქტივისტი დააკავეს. 30 ივლისს ადგილობრივთ მორიგეობა ამულსარის მისადგომებთან განახლდა.

სომხეთში გარემოს დამცველთა და ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების აზრით, ამულსარის საბადოს ექსპლუატაცია ქვეყანაში ეკოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული.

ამულსარის საბადო სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოქროს საბადოა.

ოქრო თუ ეკოლოგია? – სომხეთში ამულსარის მთისთვის ბრძოლა გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი