ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ოქრო თუ ეკოლოგია? – სომხეთში ამულსარის მთისთვის ბრძოლა გრძელდება

21 აგვისტო, 2019 • 2383
ოქრო თუ ეკოლოგია? – სომხეთში ამულსარის მთისთვის ბრძოლა გრძელდება

ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი


სომხეთში ამულსარის მთისთვის ბრძოლა გრძელდება. ქვეყნის მოსახლეობას დიდ ნაწილს არ სურს, რომ კერძო კომპანიის მიერ ოქროს მოპოვების მიზნით მთის ექსპლუატაცია მოხდეს, შესაბამისად, ბოლო დღეებში პროტესტმა ქუჩაში გადაინაცვლა.

20 აგვისტოს საპროსტესტო აქციის მონაწილეები სომხეთის პარლამენტის [ეროვნული კრების] შენობასთან შეიკრიბნენ მოთხოვნით, მიიღოს ხელისუფლებამ სასწრაფო ზომები საბადოს ექსპლუატაციის განახლების შეჩერებაზე.

პოლიციამ არ დაუშვა მოქალაქეების პარკის ტერიტორიაზე შესვლა მათივე უსაფრთხოების დაცვის საბაბით. აქტივისტებმა კი საპასუხოდ მსვლელობა დაიწყეს. თუმცა, ქუჩის გადაკეტვიდან რამდენიმე წუთში გამომსვლელებს “წითელბერეტიანმა” პოლიციელბმა ალყა შემოარტყეს და სავალი გზიდან ძალის გამოყენებით გაყვანა სცადეს, რა დროსაც რამდენიმე აქტივისტი დაშავდა.

სომხეთში გარემოს დამცველთა და ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების აზრით, ამულსარის საბადოს ექსპლუატაცია ქვეყანაში ეკოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული.

“საკურორტო ქალაქ ჯერმუკში ვცხოვრობთ, ეს ამულსარიდან 13 კილომეტრში. არ დავუშვებთ, რომ გარემო დაგვიბინძურონ, ჰაერი, ბუნება. ხალხი აქ დასასვენებლად ჩამოდის, მათთვის ეს გამაჯანსაღებელი ადგილია. მთის ექსპლუატაცია ჯერ არ დაუწყიათ, ჯერ მხოლოდ მანქანები არიან ადგილზე, რომელთაც გზა გაჰყავთ, თუმცა, ჰაერში გაფრქვეულ მძიმე მეტალებს უკვე ვგრძნობთ. წარმოგიდგენიათ, რამდენიმე წლის შემდეგ როგორ ვიქნებით, როგორი იქნება ჩვენი ჯანმრთელობა, როგორი წყალი გვექნება? ანდა როგორ ვიშოვით ადგილობრივები ფულს ტურიზმით, საკურორტო ქალაქის იმიჯი ჯერმუკს აღარ ექნება”, – ამბობს ჯერმუკის მცხოვრები, გაღიკ აბრამიანი ნეტგაზეთთან საუბარში,

ამ მოსაზრებას ექსპერტები ცალსახად ეთანხმებიან. მათი განცხადებით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც სომხეთია, სამთო წარმოება ბოროტებაა.

“შემოთავაზებულ პირობებში საბადოს დამუშავება საფრთხეს არა მხოლოდ რესპუბლიკისთვის, მთელი რეგიონისთვის წარმოადგენს. შეხედეთ მსგავს საქმიანობებს კაპანში, ალავერდში თუ სოტკში. მდინარე მარსკში მძიმე მეტალების ძალიან დიდი კონცენტრაციაა”, – ამბობს ეკოლოგი, სომხეთის ყოფილი გარემოს დაცვის მინისტრი კარინე დანიელიანი.

როგორ დაიწყო ამულსარისთვის ბრძოლა?

ამულსარის საბადო სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოქროს საბადოა. სხვადასხვა გათვლით, ის 70 ტონა ოქროს მოიცავს. ოქროს საბადო ჯერ კიდევ 2005 წელს კომპანიამ სახელმწოდებით  «Lydian Armenia» აღმოაჩინა და მას შემდეგ მისი დამუშავებისთვის ინვესტორებს ეძებდა.

საინვესტიციო პაკეტი კი დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აღმოჩნდა. სტრუქტურამ საინვესტიციო თანხად 325 მილიონი აშშ დოლარი დაასახელა.

2012 წელს  «Lydian Armenia»-მ და სომხეთის მთავრობამ ხელი მოაწერეს საბადოს დამუშავების შესახებ შეთანხმებას, რის შემდეგაც კომპანიამ საბადოს ექსპლუატაციის ნებართვა მიიღო. 

საბადოს დამუშავების წინააღმდეგ პირველი პროტესტიც სწორედ იმ წლებში დაიწყო. მასში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები და ეკოლოგები. ჯერ კიდევ 5 წლის წინ აცხადებდნენ ისინი, რომ ოქროს მოპოვებას ქალაქ ჯერმუკზე, სევანისა და სხვა რამდენიმე ტბაზე უკიდურესად ნეგატიური გავლენა ექნება.

2012 წელსვე  დაიწყო ხელმოწერების შეგროვება საბადოზე მუშაობის წინააღმდეგ. აქტივისტებს არაერთხელ გადაუკეტავთ იქამდე მისასვლელი გზები და მძიმე ტექნიკის შეყვანის უფლება არ მიუციათ.

2018 წელს კი იმას მიაღწიეს, რომ ოქროს მოპოვება შეჩერდა.

გამოძიება გამოძიების გარეშე 

ამულსარის საბადოს დამუშავების პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია. აქციების შედეგი სწორედ ის იყო, რომ ხელისუფლება დაპირდა საზოგადოებას, აღარ გაეხსნა საბადო იქამდე, სანამ არ ჩატარდება კვლევა გარემოზე ზემოქმედების [გზშ] შესახებ.

რამდენიმე დღის წინ, 15 აგვისტოს, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა აიკ გრიგორიანმა კომპანია Earth link & Advanced Resources Development (ELARD)-ის საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფის  საბოლოო დოკუმენტი წამოადგინა, რომლის შესაბამისად, საბადოს დამუშავებას ეკოლოგიური საფრთხეების რისკი არ ახლავს, და რომ “შესაძლო რისკები გარკვეული ზომების მიღებით შეიძლება გაკონტროლდეს”.

ELARD-ის დოკუმენტმა საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი პროტესტი გამოიწვია და მათი კითხვები ვერ დააკმაყოფლა, პირიქით – გაამწვავა საკითხი. მისი გამოქვეყნების შემდეგ ეკოლოგებმა განაცხადეს, რომ ELARD-ი ამულსარში მსგავსი კვლევის ჩასატარებლად კომპეტენტური არ იყო და რომ კომპანიამ აღნიშნულ ლოკაციაზე მისვლის გარეშე, სხვა კვლევებზე დაყრდნობით შექმნა დოკუმენტი და დასკვნაც შესაბამისი “დადო”. არც ის არის ცნობილი, ჰყავს თუ არა კომპანია ELARD-ს მსგავსი სფეროს ექსპერტები.

აღნიშნული  საერთაშორისო კვლევისთვის კი სომხეთის ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი იყო გამოყოფილი.

ხელისუფლება ოქროს მოპოვების მომხრე აღმოჩნდა

ELARD-ის კვლევის შედეგებზე აპელირებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იქამდე ფეისბუკზე პირდაპირი ეთერში განაცხადა, რომ ამულსარის საბადოს შესახებ დადებითი შედეგების შემთხვევაში, საბადოს ექსპლუატაცია მოხდება.

“თუკი ქნება დასაბუთებული, რომ ექსპლუტაცია არ იქნება საზიანო სევანის ტბისთვის და ჯერმუკის წყლის სისტემისთვის, პროექტი რეალიზებული იქნება. თუმცა, რისკის შემთხვევაში, როგორც ფაშინიანი ამბობდა, საბადოზე მუშაობის უფლებას ვერ გასცემენ.

როგორც აღმოჩნდა, ექსპერტულმა კვლევამ დადებითი შედეგები აჩვენა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას “მწვანე შუქი” აქვს ოქროს საბადოს  ექსპლუატაციაზე.

ასევე, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ საკითხს ბევრი პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტი გააჩნია.

რატომ? კომპანია “Lydian Armenia”- ს უფლება აქვს დოკუმენტები საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წარადგინოს – სარჩელით მიმართოს მასდა სომხეთის ხელისუფლებისგან 2 მილიარდი აშშ დოლარი მოითხოვოს, რამდენადაც სწორედ ის ვერ უზრუნველყოფს კომპანიის მუშაობას. სომხეთის ხელისუფლებას კი ასეთი ფინანსური შესაძლებლობა კომპენსაციის დასაფარად არ გააჩნია.

პოლიტიკურ წრეებში სწორედ ამაზე საუბრობენ, როგორც მიზეზზე, რატომაც აირჩია ფაშინიანმა საბადოს ექსპლუატაციის გზა.

თუმცა, ასეა კი?

იურისტი არუთიუნ ბაგდასარიანი მიიჩნევს, რომ კომპანია ხელისუფლებას შანტაჟის ენით ელაპარაკება:

კომპანია შანტაჟს უწყობს ხელისუფლებას იმით, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს, თუკი მათ შეჩერებას შეეცდებიან. თუმცა, საარბიტრაჟო სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგაც მიმართავდა, რომელმაც “Lydian”-ის საქმიანობა შეაჩერა, სადაც ისინი დაახლოებით, სამი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ იქ სამუშაოებს. საკითხი იმაშიც მდგომარეობას, რამდენად აქვს კომპანიას გამარჯვების შანსი. 

მეტიც, ეკოლოგი ლევონ გალსტიანი ამტკიცებს, რომ ყველა დოკუმენტი წაიკითხა და გაარკვია, რომ “Lydian Armenia”, რომელიც ოფშორშია დარეგისტრირებული სომხეთის წინააღმდეგ სარჩელს ვერ შეიტანს. 

მაშ რაშია პრობლემა? რატომ ვერ შეძლო სომხეთის ხელისუფლებამ ამულსარის ექსპლუატაციისგან ქვეყნის დაცვა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხები ჯერ არ არსებობს.

ბზარები მმართველ ფრაქციაში?

იმის მიუხედავად, რომ სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საბადოს ექსპლუატაციას მხარს უჭერს, მმართველი პარტიის ყველა წევრი მას ამ საკითხში არ ეთანხმება. აღნიშნულ საკითხზე ფაშინიანის გამოსვლამდე პირდაპირ ეთერში, ფრაქცია “ჩემი ნაბიჯი” საკითხის განსახილველად შეიკრიბა, რის შემდეგაც დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ექსპლუატაციის წინააღმდეგი არიან და ამულსარი ხელუხლებელ მთად უნდა დარჩეს.

ამ დეპუტატებს შორის ლენა ზარაზიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერიცაა, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა, რომ მისთვის რთული დასაჯერებელია, რომ იგივე დასკვნა წაიკითხა, რაც საგამოძიებო კომიტეტმა, რომელმაც დაასკვნა, რომ რისკები კონტროლს ექვემდებარება.

საბოლოო ჯამში, რა გავლენა ექნება მმართველი ფრაქციის დეპუტატების ნაწილზე მათ წინააღმდეგობას, ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, ზოგიერთი პოლიტიკოსი მმართველ ფრაქციაში შესაძლო ბზარების გაჩენის პროგნოზს აკეთებს,

Lydian Armenia კომენტარს არ აკეთებს

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ თავად კომპანია «Lydian Armenia» მთელ ამ ისტორიაში არ აქტიურობს, იმის მიუხედავად, რომ მთავარი როლი აქვს. ყოველშემთხვევაში, საჯარო გამოსვლები ან აქტივობები არ ჰქონია. კომპანიის ოფისში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებენ. ერთადერთი კომენტარი «Lydian Armenia”-ს გენერალურმა დირექტორმა ფეისბუკზე დაწერა: «Lydian Armenia” ყველა საერთაშორისო ნორმასა და სტანდარტს იცავს, რაც საერთაშორისო დასკვნამაც დაადასტურა”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი