ახალი ამბები

“ოცნებამ” დმანისის მერი პარტიიდან გარიცხა

10 აგვისტო, 2020 • 1911
“ოცნებამ” დმანისის მერი პარტიიდან გარიცხა

„ქართულმა ოცნებამ” დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი პარტიიდან გარიცხა.

როგორც “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში გამოიხატა.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაოინული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის  მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული”, – ნათქვამია “ქართული ოცნების” განცხადებაში.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ტატუაშილის მიერ “ოცნების” კონკურენტი კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ შიდა ინფორმაცია აქვთ და კონკრეტულ ფაქტს არ ასახელებენ. “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის კონკურენტი დმანისში მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილია. სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი, — რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს შორის არ დაუსახელებიათ. ამის შემდეგ მან უმრავლესობა დატოვა და ბიზნესმენ და ყოფილ პარლამენტარ ცეზარ ჩოჩელთან ერთად ახალი პარტია დააარსა.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა გიორგი ტატუაშვილს, რომელმაც თქვა, რომ პარტიიდან გარიცხვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. დმანისის მერი არც იმას აკონკრეტებს, უჭერს თუ არა მხარს კახა ოქრიაშვილს ადგილობრივ მაჟორიტარულ არჩევნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი