ახალი ამბები

“საჭიროა ცვლილებები, რომ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა გაუგებრობაში” – ტიკარაძე

10 აგვისტო, 2020 • 1684
“საჭიროა ცვლილებები, რომ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა გაუგებრობაში” – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაკავებულ ექიმზე, რომელსაც პროკურატურა უკანონო საექიმო საქმიანობას ედავება, აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართულებით საქართველოს საკანონდებლო ბაზა მომზადებული არაა და ამის გამო იკვეთება გადაცდომები. ამასთან, ტიკარაძე აღნიშნავს, რომ დანაშაულს თავისი სიმძიმე გააჩნია:

“ეს კონკრეტული შემთხვევა საკმაოდ კომპლექსური და რთული შემეთხვევაა, აქედან გამომდინარე, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს 20 თვეა აქტიური გამოძიება, მე არ მაქვს უფლება გავაკეთო კონკრეტული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, ის დამნაშვეა თუ არა. აქ საუბარია დანაშაულის სიმძიმეზე და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა არ არის სათანადოდ მომზადებული, რა თქმა უნდა, იკვეთება გარკვეული გადაცდომები. თუმცა აქ ასევე აღსანიშნია, რომ დანაშაულს გააჩნია თავის სიმძიმე”, – ამბობს ტიკარაძე, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან 10 აგვისტოს შეხვედრა გამართა.

მინისტრი აცხადებს, რომ შეხვედრაზე ცალსახად გამოიკვეთა, თუ რამდენი მნიშვნელოვანი ცვლილების გატარებაა საჭირო იმისთვის, რომ სხვა ექიმები მსგავს გაუგებრობაში არ მოხვდნენ:

“შეხვედრის მიზანი იყო ვახტანგ ყიფიანის საქმე, სადაც ცალსახად გამოიკვეთა, თუ რამდენი და რა მნიშვნელოვანი ცვლილებები არის საჭირო განხორციელდეს საკანონმდებლო ბაზაში და, ასევე, რეგულირების და პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში იმისათვის, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა იმ გაუგებრობაში, სადაც მას ემუქრება ჰქონდეს თაღლითი ექიმის სახელი.

სამინისტრო, თავის მხრივ, მზად არის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს არაერთი ქმედება იმისათვის, რომ სიცხადე შეიტანოს ამ საქმეში. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან იმისათვის, რომ გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რაც დადებით გავლენას იქონიებს ვახტანგ ყიფიანის საქმეში”, – ამბობს ტიკარაძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული იყოს კომპეტენციები, თუ რომელ ექიმს რა ჩარჩო-დოკუმენტით და რეგულაციით აქვს უფლება მიიღოს გარკვეული ტიპის პაციენტი და, შესაბამისად, განახორციელოს გარკვეული ტიპის ჩარევა:

“ამ შემთხვევაში, საქართველოს რეგულაციებით საკანონმდებლო ბაზა არ იყო მზად იმისათვის, რომ  განგვეხორციელებინა ბატონი ვახტანგ ყიფიანის კომპეტენციების ფარგლებში ის პროგრესული და თანამედროვე ჩარევა, რომელიც მან განახორციელა.  მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს ვადაში მომზადდეს ეს რეგულაცია იმისათვის, რომ ვახტანგ ყიფიანის მსგავსად სხვა ექიმებიც არ აღმოჩნდნენ მსგავს ვითარებაში.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ არაერთი მსჯელობა სამინისტროს მხრიდან ინიცირებულ კანონზე, რის შედეგადაც სამინისტრო იძულებული გახდა გამოეწვია კანონი საკანონმდებლო ორგანოდან, უმოკლეს ვადაში იქნას მიღებული, რათა მსგავსი შემთხვევები დარეგულირდეს რეგულირების სააგენტოს, სამინისტროს, კლინიკასა და პაციენტს შორის მანამ, სანამ ეს მიიღებს მსგავს დრამატულ განვითარებას”, – ამბობს მინისტრი.

რამდენიმე დღის წინ პროკრუატურამ სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით დააკავა ორი პირი – „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი.

პროკურატურის თქმით, საქმის მასალების თანახმად, პირმა 2018 წლის ზაფხულში, სამედიცინო მომსახურების მიზნით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს“ მიმართა, სადაც  კონსულტაცია ექიმმა ვაჟა ყიფიანმა გაუწია.

უწყებაში ამბობენ, რომ ექიმმა პაციენტი და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ გამოკვლევების შედეგები იტალიაში გააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც, მისი თქმით, ასევე იტალიელი ექიმები ჩაატარებდნენ:

„თუმცა აღნიშნული ოპერაცია  შპს “თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში” 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ-მ თავად გაუკეთა პაციენტს ისე, რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით “ორთოპედია-ტრავმატოლოგია”. ასევე, მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არცერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა”, – ამბობს პროკურატურა.

საქმის მასალების მიხედვით, ოპერაციის შემდეგ პაციენტს ტკივილები განუახლდა და ისევ იმავე საავადმყოფოს მიმართა. უწყება ამბობს, რომ  ყიფიანმა პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე დაიყოლია და არგუმენტად იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია დაასახელა.

პროკურატურის თქმით, პაციენტს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე, როგორც პირველი ოპერაცია, იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ექიმებმა ჩაატარეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა “თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომაც”. კლინიკა პროკურატურის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ რამდენიმე წელია თანამშრომლობენ იტალიის ქალაქ ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებთან, რობერტო აგაცისთან და რობერტო ნანისთან, და მათი მეთვალყურეობის ქვეშ და საკუთარი სამედიცინო გუნდის ჩართულობით ბოლო 3 წლის განმავლობაში 98 პაციენტს წარმატებით ჩაუტარეს გადაუდებელი ოპერაცია:

“ოპერაციას მეთვალყურეობდა და ზედამხედველობდა ცნობილი იტალიელი ექიმი რობერტო აგაცი. მოცემული ოპერაციის დადებით შედეგებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პაციენტს მნიშვნელოვნად მოეხსნა პათოლოგიით გამოწვეული ჩივილები. გარკვეული პერიოდის შემდეგ პაციენტმა კვლავ იგრძნო დისკომფორტი. იტალიელ ექიმებთან განმეორებითი კონსულტაციის შედეგად და მისი მოთხოვნით, 2018 წლის 11 ნოემბერს დაიგეგმა ხელმეორე ოპერაცია.

ოპერაციის დაწყებისას, პაციენტის ანესთეზიის პროცესში, მისი მდგომარეობა გაუარესდა და მიუხედავად იტალიელ-ქართველი ექიმების ჯგუფის მზაობისა, ქირურგიული ჩარევის მაგივრად საჭირო გახდა რეანიმაციული ქმედებების განხორციელება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და აუხსნელია, სად იკვეთება თაღლითური ქმედების ნიშნები. ასევე, უსაფუძვლო და მცდარია პროკურატურის განცხადება, რომლის მიხედვით, დაკავებულ ექიმს, ვახტანგ ყიფიანს არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია მოცემული სერვისის ჩასატარებლად”, – აცხადებენ კლინიკაში.

“თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს განცხადებით, ვახტანგ ყიფიანი ცნობილი და ლიცენზირებული ექიმია ინტერვენციული რადიოლოგიის დარგში, 15 წელზე მეტი სტაჟით. მათი თქმით, მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში მის მიერ 2000-მდე გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა და აღნიშნული მანიპულაციაც წარმოადგენდა ინტერვეციულ-რადიოლოგიურ ჩარევას:

“ვინაიდან პროცედურის დასაწყისშივე გართულდა პაციენტის მდგომარეობა და არ განხორციელებულა ქირურგიული ჩარევა, ნათელია, რომ ვახტანგ ყიფიანის ქმედებები ვერ გახდებოდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების საფუძველი. პროკურატურის განცხადებით,  ოპერაციის დროს დაკავებულმა ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა „დაიხმარა“ ექიმი მაგდა ხოჭოლავა, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია.

ეს განცხადება, როგორც სხვა დანარჩენი, მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას. პირველ რიგში, ტერმინი „დაიხმარა“ არის მცდარი და არ შეესაბამება სამედიცინო პროცესის მიმდინარეობას. მაგდა ხოჭოლავა წარმოადგენს ექიმ-ანესთეზიოლოგს, რომელიც პაციენტის საოპერაციო დარბაზში შეყვანის შემდგომ უზრუნველყოფს პაციენტის დაძინებას (ანესთეზიას) და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ოპერაცია. ეს არ არის დახმარება ორ ექიმს შორის, ეს არის დამოუკიდებელი სამედიცინო პროცესი”, – აცხადებენ კლინიკაში.

მაგდა ხოჭოლავა კი, კლინიკის განცხადებით, არის მოქმედი ანესთეზიოლოგი, რომელსაც გააჩნია იტალიაში შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია, რომელიც ადასტურებს მის კომპეტენციებს.

საავადმყოფოში განმარტავენ, რომ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, იტალია შესულია იმ ქვეყანათა ნუსხაში, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს აქვს უფლება, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

ექიმების დაკავების შესახებ განცხადება პროკურატურამ მიმდინარე წლის 4 აგვისტოს გაავრცელა. საქმეზე დაკავებული ორი ექიმი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ერთს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი