ახალი ამბები

მზად ვართ კონსულტაციებისთვის, რომ ჯაფარიძე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს – უგულავა

10 აგვისტო, 2020 • 940
მზად ვართ კონსულტაციებისთვის, რომ ჯაფარიძე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს  – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის მზად არიან, რათა ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს. როგორც უგულავას განცხადებიდან ჩანს,   “ევროპული საქართველო” ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს თბილისის ამ მაჟორიტარულ ოლქში.

“საინტერესო და განსხვავებული ორთაბრძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი ოცნებიდან გია ვოლსკი და ზურაბ ჯაფარიძე. “ევროპული საქართველო” მზად ვართ ზურასთან ერთად ჩავერთოთ დესოვიეტიზაციის კამპანიაში. დიხ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა. ჩვენ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რომ სწორედ ზურა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი”,-წერს უგულავა.

დღეს, 10 აგვისტოს, “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა რომ გეგმავს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყაროს კენჭი მაჟორიტარ კანდიდატად “გირჩის” სახელით. ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც საერთო კანდიდატებზე მოლაპარაკებებს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში აწარმოებდნენ, თბილისის რვა ოლქიდან ექვსში ჰყავთ დასახელებული კანდიდატები. ოპოზიციურ პარტიებს ამ დრომდე საერთო კანდიდატები  დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში არ დაუყენებიათ.

19 ივნისს შალვა ნათელაშვილმა თბილისის 6 ოლქში ოპოზიციის ნაწილის მიერ შეთანახმებული კანდიდატები დაასახელა:

ელენე ხოშტარია – ვაკე

ნიკა მელია – გლდანი

გიორგი ვაშაძე – ისანი

ლევან ხაბეიშვილი – სამგორი

შალვა შავგულიძე – მთაწმინდა/კრწანისი. 


2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი