ახალი ამბები

ევროპარლამენტარები რუსეთის აგრესიის მე-12 წლისთავზე

7 აგვისტო, 2020 • 1189
ევროპარლამენტარები რუსეთის აგრესიის მე-12 წლისთავზე

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელძღვანელი მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხზე სვენ მიქსერი საქართველოში რუსეთის აგრესიის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესიის შედეგები კვლავ იგრძნობა: საქართველოს ტერიტორიის 1/5 ოკუპირებულია, უამრავი ადამიანი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში და ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, საქართველო რჩება რუსეთის კიბერთავდასხმებისა და დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნედ.

“თუმცა ამ შოკისმომგვრელმა ამბავმა მხოლოდ გააძლიერა საქართველოს ევროინტეგრაციის გადაწყვეტილება. საქართველომ მყარად დაიმკვიდრა ადგილი, როგორ საიმედო და საკვანძო პარტნიორმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტის დეპუტატები მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები ვერ იღებენ სარგებელს დანარჩენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებებიდან და ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესებიდან. ევროპარლამენტარები ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მოწოდებით გამოდიან.

“როგორც ქვეყენამ, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე დე ფაქტო კონტროლს ახორციელებს, რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და უზრუნველყოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაუბრკოლებელი  შესვლა ოკუპირებულ რეგიონებში, უკუაქციოს ბორდერიზაციის პროცესი და წერტილი დაუსვას ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევას ამ რეგიონებში. ასევე, უზრუნველყოფილ უნდა იქნას იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება მათ მშობლიურ მიწაზე, ხოლო ეთნიკურ ნიადაგზე დანაშაულის შემოქმედებმა კანონის წინაშე პასუხი აგონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტის წევრთა ნაწილი რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს Twitter-ზე ეხმაურება.

“დღეს 12 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. რუსეთის განგრძობითი პროვოკაციები, საოკუპაციო ძალების არალეგალურად განთავსებისა და მცოცავი ანექსიის სახით, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ევროკავშირის მანდატით დადებულ, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას”, – წერს ანდრიუს კუბილიუსი, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი.

მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის წევრი ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, რომ 12 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრისა და ანექსიიდან, თუმცა ომი არ დაწყებულა და არც დამთავრებულა 2008 წელს.

“2008 წლის მოვლენებს წინ უძღოდა ათწლეულობის განმავლობაში რუსეთის აგრესია და შემდეგ გაგრძელდა მცოცავი ოკუპაციით და მოქალაქეთა გატაცებებით. რუსეთის “აღიარების პოლიტიკის” ჩაფლავება აჩვენებს, რომ საქართველო მარტო არ არის აგრესიის პირისპირ და ძლიერი და ერთგული მეგობრების მხარდაჭერით სარგებლობს. ევროკავშირი საქართელოს გვერდით დგას, მხარს უჭერს მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლინობას და ევროპულ მომავალს”, – წერს ევროპარლამენტარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი