ახალი ამბებისამართალი

დაპირება მივიღეთ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა — ბაჩალიაშვილის ოჯახი შოთაძეს შეხვდა

6 აგვისტო, 2020 •
დაპირება მივიღეთ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა — ბაჩალიაშვილის ოჯახი შოთაძეს შეხვდა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ოჯახის ადვოკატი მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, შოთაძისაგან დაპირება მიიღეს, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ოჯახის მიერ მოთხოვნილ ნებისმიერ ექსპერტიზაში ჩაერთვება.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, მთავარ პროკურორს ისეთი სადიაგნოსტიკო აპარატის გამოყენება მოსთხოვეს, რომელიც გამოიკვლევს, როდის მოხდა ავტომობილის უკანასკნელად დაქოქვა. როგორც ის ამბობს, არსებობს მოსამართლის განჩინება, რომლის მიხედვითაც, ოჯახის ყველა კითხვაზე მთავარ პროკურატურას რეაგირება უნდა ჰქონდეს.

ბაჩალიაშვილის დედის თქმით, შოთაძემ მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი “ზედმეტად” მიიჩნია და ოჯახს უთხრა, რომ ყველა ვერსია უნდა იყოს განხილული. მისივე თქმით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, თვითმკვლელობის ინსცენირებისა და მიზანმიმართული მკვლელობის ვერსიებზე მუშაობს.

“მთავარი პროკურორისგან მივიღე დაპირება, რომ FBI აუცილებლად იქნება ჩართული ნებისმიერ ექსპერტიზაში, რასაც კი მოვითხოვ და მარტო თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი მან [ირაკლი შოთაძემ] რატომღაც ზედმეტად მიიჩნია. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ყველა ვერსია უნდა განვიხილოთ და უნდა იყოს გადამოწმებული […] ჩაინიშნეს ჩვენი ყველა კითხვა და აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცემა პასუხი ჩვენი ზედამხედველობის ქვეშო”, — განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

როგორც ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, შოთაძესთან შეხვედრისა და მისგან დაპირებების მიღების შემდეგ ჯერჯერობით შიმშილობას არ აპირებს.

რაც შეეხება შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ ექსპერტიზის დასკვნას, რომ ხელნაწერი, რომელიც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს, მის მიერაა შესრულებული. თამაზაშვილი ამბობს, რომ მის შვილს ეს წერილი დააწერინეს და წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილია.

“წერილი, სავარაუდოდ, იმათ დააწერინეს იმიტომ, რომ ეს ძალიან მზაკვრულად დაგეგმილი გეგმა იყო და თვეების მანძილზე ხდებოდა ამ გეგმის შემუშავება. შესაბამისად, ისიც იყო გამოკვლეული, ჩემს შვლის ანგარიშზე ჰქონდა თუ არა თანხა და, სავარაუდოდ, დააწერინეს “გამოიყენეთ თანხა”. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანია, ისედაც მიხვდებოდა, რომ რამე რომ შემთხვეოდა, გამოვიყენებდით თანხას, ამას დაწერა რად უნდოდა? უბრალოდ, ეს სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ეს თვითმკვლელობის ვერსია გამართლებული ყოფილიყო”, — განაცხადა თამაზაშვილმა.

მისი თქმით, იცოდა, რომ თავისი შვილი თანხას საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად აგროვებდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ხელნაწერი, რომელიც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს, მის მიერაა შესრულებული.

უწყებაში ამბობენ, რომ ჩანაწერი, წარწერით “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ”, გარდაცვლილი ქალის მანქანაში იყო. თავად ავტომობილი დაკეტილ მდგომარეობაში იყო, გასაღები კი უკანა სავარძელზე იპოვეს, რის გამოც ავტომობილი ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით გააღეს.

გუშინ, 5 აგვისტოს შსს-მ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და  გარდაცვლილის კომპიუტერიდან მოპოვებული ინფორმაცია საჯარო გახადა.

შსს ბაჩალიაშვილის საქმეზე შუალედურ ანგარიშს ავრცელებს და სუიციდზე მიანიშნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი