ნეტგაზეთი | შსს: მანქანაში ნაპოვნი ხელნაწერი, “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ”, ბაჩალიაშვილს ეკუთვნის შსს: მანქანაში ნაპოვნი ხელნაწერი, “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ”, ბაჩალიაშვილს ეკუთვნის – Netgazeti
RU | GE  

შსს: მანქანაში ნაპოვნი ხელნაწერი, “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ”, ბაჩალიაშვილს ეკუთვნის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიის ეროვნული ბიუროს დასკვნით ხელნაწერი, რომელიც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს, მის მიერაა შესრულებული.

უწყებაში ამბობენ, რომ ჩანაწერი, წარწერით “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ”, გარდაცვლილი ქალის მანქანაში იყო. თავად ავტომობილი დაკეტილ მდგომარეობაში იყო, გასაღები კი უკანა სავარძელზე იპოვეს, რის გამოც ავტომობილი ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით გააღეს:

“2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში.

ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება” ,- აცხადებენ უწყებაში.

ეს მეორე განცხადებაა, რომელსაც შინაგან საქმეთა საინისტრო ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ავრცელებს. გუშინ, 5 აგვისტოს უწყებამ გარდაცვლილის კომპიუტერიდან მოპოვებული ინფორმაცია გახადა საჯარო.

შსს ბაჩალიაშვილის საქმეზე შუალედურ ანგარიშს ავრცელებს და სუიციდზე მიანიშნებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.