ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი მინისტრის თქმით, კონფლიქტებთან დაკავშირებით არჩეულ კურსს გააგრძელებს

6 აგვისტო, 2020 • 1855
ახალი მინისტრის თქმით, კონფლიქტებთან დაკავშირებით არჩეულ კურსს გააგრძელებს

დღეს, 6 აგვისტოს, წარდგენილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საკუთარ პირველ მიმართვაში განაცხადა, რომ იმ კურსს გააგრძელებს, რომელიც არჩეული აქვს საქართველოს კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით.

“საქართველოს მთავრობამ გააკეთა ძალიან მტკიცე, მყარი და კარგად გააზრებული არჩევანი, რომელიც არის მდგრადი მშვიდობა და განვითარება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან, თანმიმდევრულ, პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც აქვს სოლიდური საერთაშორისო მხარდაჭერა.

ამ პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი და პრიორიტეტი კი არის ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება, ასევე, იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან მოუგვარებელი კონფლიქტით გამოწვეული შედეგების სიმძიმეს”.

ამასთან, მინისტრი საუბრობს თბილისის სამშვიდობო ინიაციტივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ნამდვილად ხმამაღალი და ღია განცხადია საქართველოს მთავრობის და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ გვადარდებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედი და ჩვენ ვართ დაინტერესებული მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით და პირდაპირი კონტაქტების დამყარებით”.

როგორც თეა ახვლედიანი ამბობს, აღნიშნულ კონტექსტში წამოწყებული ინიციატივები უდავოდ გაგრძელდება.

“ჩვენი მიზანი კი იქნება გავაძლიეროთ ძალისხმევა, განვაგრძოთ მუშაობა შემდგომ უფრო მეტად ქმედით, შედეგზე ორიენტირებულ და ოპტიმალურ გზებზე, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის აღსადგენად. მე მჯერა, რომ არსებობს არსებული გამოწვევების ისეთი გადაწყვეტა, რომელიც აუცილებლად შეეხმიანება როგორც აფხაზური და ოსური, ასევე, ქართული საზოგადოებების საერთო ინტერესებს.

მე მჯერა, რომ ჩვენ წარმატებით გავართმევთ ამას თავს და ვიპოვით აუცილებლად ამ გზებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ეს მისწრაფება მიმართულია მავთულხლართების და ფიზიკური ბარიერებით იზოლირებული მოსახლეობის დეიზოლაციისკენ. ამ პროცესში ჩვენ ვიქნებით ღია დიალოგისთვის, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მხარდაჭერით და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობით”, – აცხადებს შერიგების მინისტრი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს აქამდე ქეთევან ციხელაშვილი იკავებდა. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მინისტრის მოვალეობას ასრულებდა ციხელაშვილის პირველი მოადგილე, ლია გიგაური.

თეა ახვლედიანი; ფოტო: Baltic Defence College

 

მასალების გადაბეჭდვის წესი