ნეტგაზეთი | აფეთქების შემდეგ ლიბანელები ერთმანეთს სისხლით, თავშესაფრითა და ფულით ეხმარებიან აფეთქების შემდეგ ლიბანელები ერთმანეთს სისხლით, თავშესაფრითა და ფულით ეხმარებიან – Netgazeti
RU | GE  

აფეთქების შემდეგ ლიბანელები ერთმანეთს სისხლით, თავშესაფრითა და ფულით ეხმარებიან

ლიბანის დედაქალაქში 4 აგვისტოს მომხდარი დამანგრეველი აფეთქების შემდეგ, დაზარალებულთა დასახმარებლად გაერთიანდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მსოფლიოს სახელმწიფოთა არაერთმა ლიდერმა უკვე განაცხადა ქვეყანაში დახმარების გაგზავნის შესახებ. მეორე მხრივ, ლიბანის სოციალური ქსელები სავსეა სხვადასხვა სახის შეთავაზებით დაშავებულთა და უსახლკაროდ დარჩენილთა მიმართ.

“ახლა სოლიდარობის დროა” – წერენ ლიბანელები ერთმანეთის დასახმარებლად

რიგითი მოქალაქეები სოციალურ ქსელებში ამ დრომდე ავრცელებენ განცხადებებს, რომლებითაც თავშესაფარს სთავაზობენ უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს. ზოგიერთი მათგანი ფულადი დახმარებისა და სისხლის ჩაბარების მზადყოფნასაც გამოთქვამს.

ლიბანური გაზეთის, “ალ-ნაჰარის” ცნობით, არაერთმა სასტუმრომ გაუღო კარი აფეთქებით დაზარალებულებს, ბეირუთსა თუ მის გარეთ. პარალელურად, ლიბანის ერთ-ერთ უბანში მდებარე კლინიკა უფასოდ მკურნალობს ყველას, ვინც ინციდენტის შედეგად დაშავდა.

კამპანიაში ჩაერთვნენ ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათი ნაწილი, მოქალაქეთა მსგავსად, თავშესაფრებს სთავაზობს დაზარალებულებს. კიდევ ერთი ინიციატივა მოხალისეთა ჯგუფებს აერთიანებს, რომლებიც ქალაქის მასშტაბით ნაწილდებიან და ადამიანებს ეხმარებიან სახლებში დაბრუნებაში ან ექიმებთან მისვლაში, ასევე,  ნარჩენებისაგან საცხოვრებლების გასუფთავებაში.

“ის, რაც დღეს მოხდა, კატასტროფაა და ახლა დროა, ლიბანელებმა ერთმანეთს სოლიდარობა უჩვენონ”, – უთხრა გაზეთს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტმა.

აფეთქების შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაიწყეს კამპანია, სახელწოდებით “ვეძებთ დაკარგულებს ბეირუთში”. ონლაინ ინიციატივის ფარგლებში ყველა სახის ინფორმაცია გროვდება აფეთქების შემდეგ დაკარგულთა საპოვნელად.

საერთაშორისო დახმარება ლიბანს

აფეთქებით დაზარალებულ ლიბანს დახმარება არაერთმა სახელმწიფომ შესთავაზა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ ქვეყანა დახმარებას გაუგზავნის ბეირუთს.

“საფრანგეთი ყოველთვის ლიბანის გვერდით იდგება. დახმარება და რესურსები გაიგზავნა შემთხვევის ადგილას”, – დაწერა მან.

მომხდრის გამო მწუხარება გამოთქვა გერმანიამაც. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მომხდარის შედეგად ბეირუთში მდებარე მათი საელჩოც დაზიანდა და პერსონალი დაშავდა. ანგელა მერკელის სპიკერის თქმით, კანცლერი ლიბანის დახმარების პირობას დებს.

ლიბანს მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და ისრაელმაც. ორივე მათგანი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს ქვეყანას ტრაგედიის შემდეგ. მსგავსი განცხადებები გაახმიანეს სპარსეთის ყურის ქვეყნებმაც – საუდის არაბეთმა და ყატარმა.

ლიბანის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ, ასევე, იტალიამ, თურქეთმა და მალაიზიამ.


ბოლო მონაცემებით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 100 ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია 4 000. ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ამასთან, პრეზიდენტმა მიშელ აუნმა დღეისათვის მთავრობის სხდომა ჩანიშნა, სადაც 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ.

მომხდარის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაცხადებული ფაქტია, რომ შენობაში, საიდანაც ტრაგედია დაიწყო, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა. მძლავრი ასაფეთქებელი ნივთიერება ქალაქის პორტთან და დასახლებულ პუნქტებთან ახლოს 6 წლის მანძილზე იყო განთავსებული უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე.

ქვეყნის პრემიერის თქმით, მომხდარში დამნაშავეები “შესაბამის ფასს გადაიხდიან”.

რა აფეთქდა ბეირუთში?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან