ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ გაუმკლავდება აფხაზეთი COVID-19-ს რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ

4 აგვისტო, 2020 • 1893
როგორ გაუმკლავდება აფხაზეთი COVID-19-ს რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ

რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში კორონავირუსის ფართომასშტაბიან გავრცელებას არ გამორიცხავენ.

რუსეთ-აფხაზეთის “ფსოუს” საზღვარი, რომელიც დაახლოებით 4 თვე ჩაკეტილი იყო კორონავირუსის პანდემიის  გამო, აგვისტოს პირველივე დღეებში 30 000-ზე მეტმა ადამიანმა და 7 000- ზე მეტმა ავტომობილმა გადაკვეთა. სოხუმი დროდადრო ე.წ. ჰუმანიტარულ კორიდორს ენგურის გამშვებ პუნქტზე აფხაზეთის იმ მოქალაქეებისთვის ხსნიდა, ვინც საქართველოში მკურნალობდა.

ამავე პერიოდში აფხაზეთში არაერთი მოწოდება ისმოდა, რომ რუსი ტურისტებისთვის შესვლის ნებართვა მიეცათ. ძირითადად ეს ხდებოდა რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში, სადაც მოსახლეობა დიდწილად დამოკიდებულია ტურისტულ ბაზარზე. ივლისის ბოლოს კი გაგრაში მიტინგი გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ითხოვდნენ, საზღვარი ცალმხრივად მაინც გაეხსნათ. ამავე დროს, ყველას კარგად ესმის, რომ მხოლოდ აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით “ფსოუზე” მიმოსვლა ვერ აღდგება.

30 ივლისს პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა, სადაც, მისი პრეს-სამსახურის ცნობით, ჩანიშნული ჰქონდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი კოზაკთან. რის შესახებ ისაუბრეს და მოილაპარაკეს ბჟანიამ და კოზაკმა, არ დაუზუსტებიათ, მაგრამ უკვე მეორე დღეს, ამჯერად აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ჯანსუხ ნანბამ განაცხადა, რომ საზღვრის გახსნის საკითხი პირველ აგვისტომდე გადაწყდებოდა. პირველი აგვისტოს, დილით, „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა ახალი ამბავი — „რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი იხსნება“.

ყოველივე ეს СOVID-19-ის აფეთქების ფონზე მოხდა. აფხაზეთში ახალი კლასტერები გაჩნდა.  22 ივლისიდან ყოველდღე 3-დან 14 ახალ დაინფიცირებულის შესახებ ხდებოდა ცნობილი. ამასთან, ახალ შეზღუდვების დაწესების ნაცვლად, რუსეთთან საზღვარი წინაპირობების გარეშე გაიხსნა.

პირველ აგვისტოს, 15 საათსა და 15 წუთზე, მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობის დადგენილებას [საზღვრის გახსნის შესახებ] ხელი რუსეთის პრემიერმა მიშუსტინმა მოაწერა, საზღვარი გახსნეს. საათნახევარში “ფსოუ” 350-მა ავტომობილმა გადაკვეთა, რომელთა შორის 300 აფხაზეთში შემოვიდა.

ამავე დროს, კორონავირუსთან ბრძოლის აფხაზეთის შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირველ აგვისტოს ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იმავე დღეს ჰოსპიტალის ერთ-ერთი პაციენტი გაეწერა და სამკურნალოდ საქართველოში წავიდა.

3 აგვისტოსთვის შეივსო გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების [რომელიც კოვიდ-ცენტრად გადააკეთეს] ყველა საწოლი [30 ჩვეულებრივ პალატებში და 14 ინტენსიურ თერაპიაში]. 

საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ხაჯარათ შამბას თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მთელი საავადმყოფო ჩაიკეტება და მხოლოდ კოვიდ-პაციენტების მკურნალობის რეჟიმში გადავა. შესაბამისად, დამატებითი ადგილები გაჩნდება, სულ – 300. პაციენტების ამ რაოდენობაზეა გათვლილი საავადმყოფოში არსებული მედიკამენტების მარაგებიც — ბოლო თაობის ანტიბიოტიკები, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი, ანტიკოაგულანტები და სხვა.

გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებლის, ანგელინა ოტირბას განცხადებით, სტაციონარში მყოფი ყველა პაციენტი უფასოდ მკურნალობს, რაც აფხაზეთისთვის გამონაკლისი შემთხვევაა. როგორც წესი, საავადმყოფოს პაციენტებს ყველა პრეპარატის ყიდვა თავად უწევთ. თუმცა, თუ წამლები და რეაქტივები ანალიზებისთვის საკმარისად არ იქნება, პაციენტებს მათი ყიდვა უკვე თავად მოუწევთ. ფასი, ანგელინა ოტირბას თქმით, 50 000-დან 100 000 რუბლამდე მერყეობს (700-1400 აშშ დოლარი), დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით.

სპეციალური აპარატურიდან აფხაზეთში ხელოვნური სუნთქვის დაახლოებით ასი ვენტილატორია. ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის (ეკმო) აპარატი, რომელიც სუნთქვის უკმარისობის დროსაა საჭირო, აფხაზეთში არ არის. 

დღემდე აფხაზეთში არ შემოუტანიათ კომპიუტერული ტომოგრაფიც, რომელიც აფხაზი ბიზნესმენების ფულით იყიდეს. 

COVID-19-ის აქამდე არსებულ ყველა შემთხვევას აქ რენტგენის საშუალებით იკვლევდნენ –  აფხაზი ექიმების განმარტებით, პნევმონიას ისიც კარგად აჩვენებს.

პირველ აგვისტოს, სანამ საზღვრის გახსნაზე ინფორმაცია გავრცელდებოდა, სოხუმში პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბმა თათბირი ჩაატარა, სადაც განაცხადა, რომ საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, რადგან ჩინოვნიკებშიც და ექიმებშიც ამაზე ერთმნიშვნელოვანი აზრი არ არსებობს. 

ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან საზღვრის გახსნას. იმავე აზრზე იყვნენ რესპუბლიკის მთავარი თერაპევტი ანჟელა არჩელია და პარლამენტის დეპუტატი ალხას ჯინჯოლია. თუმცა კორონავირუსთან მებრძოლი შტაბი მაინც ჩამოყალიბდა საერთო აზრზე, მწვანე შუქი აენთო საზღვრის გახსნისთვის.

2 აგვისტოს, საღამოს, შტაბმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ექიმები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ალხას კონჯარიასთან ერთად აცხადებდნენ, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება დაავადებულთა ახალი ნაკადის გამო. მათივე თქმით, გეგმავენ, მოითხოვონ საზღვრის გადაკვეთის პირობების დაწესება და კონტროლის გაძლიერება გამშვებ პუნქტებზე.

3 აგვისტოს დილით ცნობილი გახდა, რომ შტაბის განცხადება ჯანდაცვის მინისტრის, თამაზ წახნაკიას გარეშე გაკეთდა და მან არაფერი იცოდა ამის შესახებ. 

3 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე, პრემიერ-მინისტრმა ანქვაბმა განცხადება გააკეთა, სადაც ჯანდაცვის გადატვირთული სისტემის შესახებ საუბარს ნაადრევს უწოდებს, მიმართვის ავტორ ჩინოვნიკებს და ექიმებს კი, “პანიკიორებს”, რომლებმაც უფლებამოსილებას გადააჭარბეს. ანქვაბი სთავაზობს გადადგეს ყველა, „ვისაც ჰგონია, რომ ვერ გაართმევს თავს დაავადებულთა ნაკადს”.

ამ დროისთვის, უკანასკნელი, 3 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, რომელიც ანქვაბის განცხადებიდან მალევე გამოქვეყნდა, აფხაზეთში კორონავირისით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 0 იყო.

აფხაზური მხარის უკანასკნელი ოფიციალური სტატისტიკით [რომელსაც ქართული მხარე სკეპტიკურად უყურებს], აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 98 პაციენტი, რომელთაგან 37 გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი