ახალი ამბები

“ჰერაში” საკეისრო კვეთისას მშობიარის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

4 აგვისტო, 2020 • 2356
“ჰერაში” საკეისრო კვეთისას მშობიარის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლინიკა “ჰერაში” 3 აგვისტოს მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

როგორც “ჰერას” პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, 41 წლის პაციენტი საკეისრო ოპერაციის დროს დაიღუპა.

კლინიკის განმარტებით, პაციენტს საკეისრო კვეთის დროს, ბოლოსკენ, გულის გაჩერება დაუფიქსირდა, დაეცა არტერიული წნევა და რეანიმაციული ღონისძიებების მიღების მიუხედავად,  გარდაიცვალა. მათივე თმით, გარდაცვლილი პაციენტი მათთან მხოლოდ სამშობიაროდ შევიდა.

“წინასწარი, სავარაუდო დიაგნოზი არის თრომბოემბოლია. გარდაცვლილი გადაყვანილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. ყველა ინფორმაცია, რაც კლინიკიდან არის საჭირო, მიეწოდებათ. ბუნებრივია, ვთანამშრომლობთ”, – აცხადებენ კლინიკა “ჰერაში”.

საკეისრო კვეთის შედეგად 2 ტყუპი დაიბადა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, დაიწყო თუ არა საკითხის შესწავლა  სამედიცინო რეგულირების სააგენტომ. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი