ახალი ამბები

პროკურატურამ ჟვანიას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა

3 აგვისტო, 2020 • 914
პროკურატურამ ჟვანიას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა

პროკურატურამ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე ბუსა ჟვანიას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა. ამის თაობაზე ინფორმაციას პროკურატურა 3 აგვისტოს ავრცელებს.

2 აგვისტოს გავრცელებული ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 – ე მუხლით იყო დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს  და 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  ამჟამინდელი მუხლი კი, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრის შვილს წარუდგინეს, 7- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს” ,– აცხადებს პროკურატურა 3 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს და  თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს.

ამ შემთხვევის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი – გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ მისი შვილიშვილი, ლევან თოფაძე საკუთარ სახლთან დაჭრეს და ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი