ახალი ამბები

არ ვიქნები პარლამენტის წევრი – მერაბიშვილი

3 აგვისტო, 2020 • 981
არ ვიქნები პარლამენტის წევრი – მერაბიშვილი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ აპირებს, პარლამენტის წევრი იყოს.

მერაბიშვილმა 3 აგვისტოს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში „გუშინდელი დღე“ უწოდა „ქართულ ოცნებას“ და დაწერა, რომ გადამწყვეტი იქნება ის, თუ რამდენად შეძლებს ოპოზიცია „საერთო ეროვნული მიზანი“ საკუთარ კარიერასა და პირად ამბიციებზე მაღლა დააყენოს.

მან ასევე დაწერა, რომ „დღეს, სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება“.

ვანო მერაბიშვილი წერს, რომ მიაჩნია, „განახლებული ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი“.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ციხე 2020 წლის 20 თებერვალს დატოვა, ასევე წერს, რომ [ენმ-ის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში] ის არ იქნება არც პარლამენტის წევრი და არც მთავრობაში დაიკავებს რომელიმე თანამდებობას.

 


2 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გიორგი ვაშაძე — რომელმაც ცოტა ხნის წინ ოპოზიციის კოალიაცია „ძალა ერთობაშია“ დატოვა და თაკო ჩარკვიანთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა — „ბნელ მხარეს გადავიდა“.

„მე ყოველთვის ძალიან მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი. ყოველთვის იმედებს ვამყარებდი და ყოველთვის მინდა ადამიანებს შანსი მივცე. ზოგი ამართლებს ამ შანსს და ზოგი არ ამართლებს. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვერ ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი საარჩევნო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად“.

გიორგი ვაშაძემ მოგვიანებით ფეისბუკზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც Star Wars-ის პერსონაჟის როლს ირგებს და დაწერა: „ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე“.


წინა დღეებში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეუთანხმებლობა გამოიკვეთა რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით:

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ თბილისს გარეთ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე შეთანხმების ორ სხვადასხვა სტრატეგიას სთავაზობდა, რასაც ისინი არ დათანხმდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი