ახალქალაქი-ნინოწმინდის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე დასაქმებულ პირს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გამოცემა ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს, რომ გზის მშენებლობაზე დასაქმებულ პირს სპეციალური ავტომანქანით გზაზე ქვიშა უნდა დაეყარა, რა დროსაც მისაბმელის რკინა დენის გაყვანილობას მოედო, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ კი მას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს, სადაც განმარტეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.