ახალი ამბები

ტრამპის თქმით, აშშ-ში TikTok-ს აკრძალავს

1 აგვისტო, 2020 • 1032
ტრამპის თქმით, აშშ-ში TikTok-ს აკრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს აშშ-ში აკრძალოს ჩინური აპლიკაცია TikTok, რომელშიც მომხმარებლებს მოკლე ხანგრძლივობის ვიდეობის შექმნა/გაზიარება შეუძლიათ, იტყობინება „ბი ბი სი“.

ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა აღნიშნა, რომ შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას ხელი შეაძლება უკვე შაბათს მოაწეროს. ტრამპამდე აპლიკაციის შესაძლო აკრძალვაზე საუბრობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც.

რა არის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება
აღმასრულებელი ბრძანება არის აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცემული დირექტივა, რომელიც წარმართავს ფედერალური ხელისუფლების საქმიანობას.

მისი სამართლებრივი ან საკონსტიტუციო ბაზისი არის აშშ-ის კონსტიტუციის მეორე თავი, რომელიც აძლევს პრეზიდენტს ფართო აღმასრულებელ ძალაუფლებას, დაადგინოს, თუ როგორ უნდა განკარგოს ხელისუფლების აღმასრულებელმა შტომ თავისი უფლებამოსილება.

მსგავსად სხვა აქტებისა, პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებებიც შეიძლება იყოს გადახედილი სასამართლოს მიერ და შეიძლება გაუქმდეს, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ ის კონსტიტუციასთან არაა შესაბამისობაში (რასაც უკვე ჰქონდა ადგილი ტრამპისა და სხვა პრეზიდენტების ბრძანებების შემთხვევაში).

პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება გამოსვლიდანვე შედის ძალაში და აქტიურია, სანამ არ გაუქმდება, არ გაუვა ვადა ან არაკანონიერად არ გამოცხადდება. პრეზიდენტს აქვს უფლება, შეასწოროს ან გააუქმოს თავისი თუ წინამორბედის ბრძანება.

ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ აპლიკაციასთან დაკავშირებით შეშფოთების გამოხატვა — ისინი მიიჩნევენ, რომ TikTok-ს შეიძლება ჩინეთის ხელისუფლება ამერიკელების პირადი მონაცემების მისაღებად იყენებდეს. თავად აპლიკაციაში ამ ცნობებს უარყოფენ.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, აპლიკაციას მხოლოდ აშშ-ში 80 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.


TikTok-სა და მასთან დაკავშირებულ შესაძლო საფრთხეებზე შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

TikTok ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვების გამო $5.7 მლნ-ით დააჯარიმეს

გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი