ახალი ამბები

პრეზიდენტის მიერ ახლად დანიშნული წევრი იუსტიციის საბჭოს სხდომას არ დასწრებია

31 ივლისი, 2020 • 1278
პრეზიდენტის მიერ ახლად დანიშნული წევრი იუსტიციის საბჭოს სხდომას არ დასწრებია

საქართველოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნული თამარ ღვამიჩავა მისი წარდგენის შემდეგ იუსტიციის საბჭოს პირველ სხდომას არ დასწრებია.

ღვამიჩავა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად ოფიციალურად 22 ივლისს დაინიშნა, თუმცა პრეზიდენტმა 23 ივლისს წარადგინა, იმავე დღეს, როცა იუსტიციის საბჭოში სხდომა იყო დანიშნული. ამის შემდეგ, იუსტიციის საბჭოს მორიგი სხდომა დღეს, 31 ივლისს გაიმართა, რომელზეც თამარ ღვამიჩავას პირველ გამოჩენას ელოდებოდნენ, თუმცა ის სხდომას არ დასწრებია.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ღვამიჩავას კანდიდატურა სრულიად გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად აარჩია.

“საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩია პირი, რომლის ხედვების, გამოცდილების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია ცნობილი არ არის. არავინ იცის, ვინ იყვნენ კანდიდატები. ერთადერთი, რაც პრეზიდენტმა გვაჩვენა, ეს იყო ფოტოები, სადაც ჩანდა გასაუბრებაზე მისული კანდიდატების კეფა.

პრეზიდენტმა არ წარმოადგინა დასაბუთება იმის შესახებ, რატომ აირჩია მან მაინცდამაინც თამარ ღვამიჩავა, მაგრამ ჩემი შეფასება ასეთია: თამარ ღვამიჩავას ექნება გადამწყვეტი საყრდენის მნიშვნელობა კლანისთვის, ვინაიდან მოსამართლეები ინიშნებიან 10 ხმით, ანუ 9 მოსამართლე წევრს პლუს 1 არამოსამართლე წევრი.

ვინაიდან საპარლამენტო არჩევნების წელია და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრს ეტაპობრივად გასდის უფლრბამოსილების ვადა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კლანმა არ იცის, რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში და არ არიან დარწმუნებული, რომ “ქართული ოცნება” მოაგროვებს 90 მანდატს, რაც საჭიროა არამოსამართლე წევრის ასარჩევად, ამ ვითარებაში კლანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ღვამიჩავას ყოფნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში”,- ამბობს ჯანეზაშვილი.

ნაზი ჯანეზაშვილი სვამს საჯარო კითხვას, თუ რა კავშირი აქვს ღვამიჩავას “კლანთან” და არის თუ არა ის იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას ნათესავი?

“თამარ ღვამიჩავა დაიმალა და ამაში ხელი შეუწყო კლანმა. მე ვკითხე იუსტიციის საბჭოს წევრებს, რატომ არ ესწრება ის დღევანდელ სხდომას და მათ პასუხი არ აქვთ. ე.ი. არც დაურეკავს და შეუტყობინებია. მე მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს – თქვენ მიერ ზარ-ზეიმით დანიშნული თამარ ღვამიჩავა იმ პასუხისმგებლობასაც არ იღებს, რომ სხდომებს დაესწროს”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

თამარ ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად საქართველოს პრეზიდენტის კვოტით მას შემდეგ დაინიშნა, რაც ანა დოლიძემ საბჭო დატოვა.

იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძის ნაცვლად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი