ახალი ამბები

თვალთვალისა და პირადი ცხოვრების მონაცემების გავრცელების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

31 ივლისი, 2020 • 886
თვალთვალისა და პირადი ცხოვრების მონაცემების გავრცელების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

შსს-ს განცხადებით,  დაკავებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც უწყება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, გამოყენებას, გავრცელებას ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

151-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ითვალისწინებს პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის — ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი