ახალი ამბები

წარმოდგენა არ მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა რურუას – გახარია

30 ივლისი, 2020 • 819
წარმოდგენა არ მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა რურუას – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, არ იცის, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი “მთავარი არხის” მეწილეს, გიორგი რურუას. ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“შეწყალება არის სრულად პრეზიდენტის დისკრეცია. წარმოდგენა არ მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს მას თუ არა. თუმცა ვთვლი, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს სამართლიანი ყველასთვის და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა არის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი”, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, ის უნდა დაისაჯოს და “იმ მიზეზით, რომ მას ვიღაცა პოლიტპატიმარს ეძახის, ან რაღაც ტელევიზიის მფლობელია”, ის დანაშაულზე პასუხისმგებლობას არ უნდა ირიდებდეს.

გახარიამ ასევე განმარტა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა გამჭვირვალეა და ბოლო წლების განმავლობაში პროგრესს განიცდის.

რაც შეეხება უშუალოდ გახარიას დამოკიდებულებას გიორგი რურუას საქმეზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რადგან სასამართლომ რურუას პატიმრობა შეუფარდა, “რა თქმა უნდა, დამნაშავეა”.


თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშვედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დღეს, 30 ივლისს გამოაცხადა.

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 2019 წლის 25 დეკემბერს კი საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ რურუას დაუმატეს ახალი ბრალდება — სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).

გიორგი რურუა თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის, ენმ და ევროპული საქართველო. იმის გამო, რომ გიორგი რურუა ამ დრომდე არ იყო გათავისუფლებული პატიმრობიდან, აღნიშნულმა პარტიებმა მონაწილეობა არ მიიღეს საკონსტიტუტციო ცვლილებების დამტკიცებაში, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით უნდა ჩატარდეს.

მიმდინარე წლის მაისში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, რომლებისთვისაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი ჰქონდა. ოპოზიცია, რურუასთან ერთად, მათ გათავისუფლებასაც ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი