ახალი ამბები

ეკა ბესელია მცხეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

30 ივლისი, 2020 • 961
ეკა ბესელია მცხეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია მცხეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს პარტიაში დაუდასტურეს.

ბესელიამ დღეს მცხეთაში პრესკონფერენცია გამართა. რუსთავი 2-თან საუბარში მან განაცხადა, რომ აგვისტოს შუა რიცხვებისთვის რამდენიმე ოლქში კიდევ რამდენიმე კანდიდატს წარადგენს.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში წარვადგინოთ კანდიდატები, ეს მოხდება აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც ჩვენ საარჩევნო სიას სრულიად წარვადგენთ“, – ამბობს ბესელია და ამატებს, რომ რამდენიმე ოლქი იქნება რეგიონში.

რაც შეეხება თბილისს, დაასახელებს თუ არა აქ კანდიდატებს პარტია, კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.


ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წლის თებერვალში დატოვა. მანამდე უმრავლესობამ ჩააგდო მისი და 8 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს I და II ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე უნდა შეჩერებულიყო.

უმრავლესობის დატოვების შემდეგ, ბესელიამ პარტია „სამართლიანობისთვის“ დააფუძნა. რამდენიმე დღის წინ კი განაცხადა, რომ მისი პარტია “სამართლიანობისთვის” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, თუმცა ოლქებში, სადაც ოპოზიცია მისთვის მისაღებ მაჟორიტარებს წარადგენს, თავად კანდიდატებს არ დააყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი