ახალი ამბები

რურუას გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციოში გავასაჩივრებთ – საძაგლიშვილი

30 ივლისი, 2020 • 1002
რურუას გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციოში გავასაჩივრებთ – საძაგლიშვილი

გიორგი რურუას ერთ-ერთი ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გამამტუყუნებელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე ელოდა. დღეს, 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. საქმის მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი იყო.

ამის შესახებ მსჯელობისას გიორგი რურუას ერთ-ერთი ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარისთვის და თავად რურუასთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო.

„ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ ვამბობდით მანამდეც, რომ გიორგი რურუაზე გადაწყვეტილებას არ იღებს ვალერიან ბუგიანიშვილი.

ეს არ არის მოსამართლე, რომელიც შინაგანი რწმენით ან კანონით ხელმძღვანელობს. ის არის პოლიტიკური მითითებების შემსრულებელი მოსამართლე. საქმეში არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცოდით, რომ ბუგიანიშვილი მიიღებდა ზუსტად ამ გადაწყვეტილებას. სხვა მოლოდინი არ გვქონდა“ ,- ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

საძაგლიშვილის თქმითვე, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ – „მიუხედავად იმისა, რომ არც სააპელაციო სასამართლოს მიმართ გვაქვს ნდგობა და იქაც დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის მითითებების შემსრულებელი მოსამართლეები შეგვხვდებიან.“.


“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თავად რურუა ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვების დასრულებამდე დაცვის მხარემ გიორგი რურუას პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობა რამდენჯერმე დააყენა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არც ერთხელ არ დააკმაყოფილა.

საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 25 დეკემბერს განაცხადა, რომ გიორგი რურუას დაუმატეს ახალი ბრალდება — სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).

გიორგი რურუა თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის, ენმ და ევროპული საქართველო. იმის გამო, რომ გიორგი რურუა ამ დრომდე არ იყო გათავისუფლებული პატიმრობიდან, აღნიშნულმა პარტიებმა მონაწილეობა არ მიიღეს საკონსტიტუტციო ცვლილებების დამტკიცებაში, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით უნდა ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი