ახალი ამბები

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის

30 ივლისი, 2020 • 1925
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის

ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა (ADC) და მის ჰოლანდიელ ინვესტორს, ბობ მეიერს საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვთ. ამის შესახებ დღეს, 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წერმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ განაცხადეს.

სწორედ მათგან გახდა ცნობილი, რომ 29 ივლისს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ორი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელი შევიდა, სადაც ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებზე საუბრობენ და სახელმწიფოსგან დაახლოებით მილიარდ აშშ დოლარს ითხოვენ. ჯონასმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოთხოვილ თანხაში გათვალისწინებულია როგორც ანაკლიის ინვესტორების მიერ პროექტში დაბანდებული თანხა, ასევე მოგებაც, რომელიც მათ უნდა მიეღოთ. ერთი სარჩელი კონსორციუმის სახელით საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC) შევიდა, ხოლო მეორე- ბობ მეიერის სახელით ინვესტიციების დაცვისა და საინვესიტიციო საკითხების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID).

“საარბიტრაჟო სარჩელის შეტანა განპირობებულია 2016 წელს სახელმწიფოსა და ანაკლიის კონსორციუმს შორის დადებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მართვისა და გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებიდან, ხოლო მეიერის მიერ სარჩელის შეტანის საფუძველი საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის 1998 წელს გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებაა ინვესტიციების მოზიდვისა და დაცვის შესახებ. პირველ შემთხვევაში დავას საფუძვლად სახელმწიფოს მიერ ხელშეკრულების დარღვევა უდევს და ის განიხილება ჟენევაში, ხოლო მეორე შემთხვევაში დავა ვაშინგტონში განიხილება”,-აცხადებს ქეთევან ქვარცხავა.

კონსორციუმის ინფორმაციით, “სარჩელი ეხება საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანეს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პროცესში, მთავრობის ძირგამთხრელი კამპანიის შედეგად, ანაკლიის კონსორციუმისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებას.” ნეტგაზეთის კითხვაზე, რა იქნება ის ძირითადი არგუმენტეტები, რასაც ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორები არბიტრაჟში წარადგენენ, ქვარცხავა გვეუბნება, რომ ამ სამართლებრივ არგუმენტებზე ამ ეტაპზე დეტალურად ვერ ისაუბრებს, თუმცა მთავრი მაინც ხელშეკრულების დარღვევის საკითხია, რაც გამოიწვია მხარის [სახელმწიფოს] ობსტრუქციულმა ქმედებებმა, რათა [ინვესტორის] ვალდებულებები არ შესრულებულიყო.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში მიაჩნიათ, რომ ანაკლიაში პორტის პროექტის ძირგამომთხრელმა კამპანიამ დააჩქარა საარბიტრაჟო დავის დაწყება, რითაც საბოლოოდ ზიანდება საქართველოს ეკონომიკა და ქვეყნის საინვესტიციო გარემო.

 

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

მასალების გადაბეჭდვის წესი