თსუ-ის ეთიკის კომისია, რომელმაც სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს “თვითპლაგიატისა და კომპილაციის საფუძველზე აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა” დაუდგინა, განცხადებას ავრცელებს. განცხადება კომისიის სახელით პროფესორმა ზვიად აბაშიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
კომისიის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში მედიასთან კომენტარს არ აკეთებდნენ, დღეს კი სოციალური ქსელის მეშვეობით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ აქამდე მათი დუმილი უპასუხობასა და პოზიციის არქონას არ ნიშნავს და ეს უფრო თავშეკავება იყო. ამასთან, ისინი ხაზს უსვამენ, რომ უნივერსიტეტის ეთიკის კომისიაში მონაწილეები თავისი ნებით არ ერთიანდებიან, არამედ მათ არსებული სიიდან ირჩევს უნივერსიტეტი და კორპორაციული ეთიკის მიხედვით, უნივერსიტეტის აფილირებულ პროფესორ უფლება არ აქვს, წევრობაზე უარი თქვას.
“შემოსულ განცხადებაში ერთი მხარე ადანაშაულებდა მეორეს, რომ დისერტაცია და გამოცემული სახელმძღვანელო ერთმანეთის იდენტურია ისე, რომ არ არის მათში მინიშნება ამ საკითხზე და რომ ეს არის აკადემიური გადაცდომა. იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებაში პირდაპირ არის მინიშნებული, რომ ეს მართლაც ასეა, რომ წიგნი დისერტაციის მოდიფიკაციას წარმოადგენს და დისერტაცია და სახელმძღვანელო, ფაქტობრივად, ერთმანეთის იდენტურია, მცირეოდენი განსხვავებით. აქედან გამომდინარე, კომისიამ უბრალოდ დაადასტურა ის, რაც ისედაც ცხადი იყო განსაკუთრებული განხილვის გარეშე. ამავე დროს, აღნიშნა კიდეც, რომ წიგნში ამ ყველაფრის მითითება მეტი აკადემიური კეთილსინდისიერება იქნებოდა. სწორედ ამას ნიშნავს დასკვნის ბოლო ნაწილში „აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა“, რომელიც შესაძლოა ბევრისთვის „სადამსჯელოდ“ მოსჩანდეს, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის”, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
ამასთანავე, კომისია მიუთითითებს, რომ ამ ტიპის ე. წ. „თვითპლაგიატის“ თაობაზე არ არსებობს არავითარი რეგულაცია და წესი, შესაბამისად, შეუძლებელია მისი ბოროტი განზრახვით გამოყენება.
“იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომის დაკნინება აზრად არავის მოგვსვლია! დასკვნაში არსად წერია, რომ ნაშრომი არ ემსახურება სოციოლოგიური აზრის განთვითარებას. ამას ვერსად ვნახავთ! ნაშრომების შინაარსობრივ ნაწილის განხილვაში არც შევსულვართ, ჩვენ არ ვართ სოციოლოგები და არ იყო ეს ჩვენი მიზანი. ამას, წესით, დარგობრივი კომისია აკეთებს საჭიროების შემთხვევაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომისია ასევე მიუთითებს, რომ დასკვნაში არსად წერია, რომ იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომი კომპილაციაა, არამედ წერია: “ის შეიცავს კომპილაციის ნიშნებს (და ხაზი გასმულია სახელმძღვანელოდ გადაკეთებაზე), როგორც დედამიწაზე არსებული ყველა თეორიული დისერტაცია და, მით უმეტეს, სახელმძღვანელო. ამაში უცხო და საჩოთირო არაფერია”.
“კომისიამ პასუხი გასცა ამ ორ კითხვას. კომისია არ არის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო. მან შექმნა შუალედური დოკუმენტი, რომელიც, რატომღაც, გაუგებარი გზებით, ჩუმად მოხვდა მედიაში მანამ, ვიდრე ის აკადემიური საბჭოს განხილვაზე გავიდოდა. ყველაზე მთავარი, რომელსაც, სამწუხაროდ, არავინ აქცევს სათანადო ყურადღებას, არის ის, რომ კომისია დასკვნის საბოლოო ნაწილში მიმართავს აკადემიურ საბჭოს, რომ 20 წლის წინანდელი ნაშრომის შესახებ მსჯელობების პრეცედენტს ნუ დაუშვებს. აი, სწორედ ეს გახლავთ ეთიკის კომისიის დასკვნის მთავარი პათოსი! სამწუხაროდ, დასკვნის ეს უმნიშვნელოვანესი მხარე საჯარო განხილვებიდან უსამართლოდ სადღაც გაქრა! ეს დასკვნა არ დაწერილა იმ მიზნით, რომ ვინმეს საწინააღმდეგოდ ყოფილიყო მიმართული და, მით უფრო, ამის საფუძველზე თსუ-ს კონტრაქტი შეეწყვიტა ვინმესთვის. ამის დასტური კი სწორედ დასკვნის ეს ბოლო ნაწილია”, – აცხადებენ კომისიის წევრები და საზოგადოებას სთხოვენ გაიაზროს, თუ რა დოკუმენტია სინამდვილეში შექმნილი.
“ამ თითქოსდა მოკლე დოკუმენტის შექმნას კომისიამ 4 თვე მოანდომა, რომელიც ერთ თვეში იყო შესაძლებელი დამთავრებულიყო. ამის მიზეზი კი სწორედ ის გახლდათ, რომ იგი არ ყოფილიყო ავი ზრახვებისთვის გამოყენებული და მისით არავის ესარგებლა! ვინც ჩვენ პიროვნულად გვიცნობს, მან კარგად იცის, რომ ჩვენგან ვერც ჯალათი და ვერც უსამართლობის ქომაგი ვერ და არ გამოვა ვერასდროს. საკუთარი განვლილი ცხოვრების ისტორია ამის თქმის სრულ მორალურ უფლებას გვაძლევს. ზოგადად, საუნივერსიტეტო საქმე უნივერსიტეტის კედლებში უნდა წყდებოდეს. სოციალური მედია არ გახლავთ ამისათვის მართებული არეალი. სწორედ ეს განაპირობებდა ჩვენს თავშეკავებას, რადგან არაეთიკურად მივიჩნიეთ საკითხის ამგვარი საჯარო განხილვა”, – ნათქვამია განცხადებაში.
“თუ ორივე „ბრალდება“ უშინაარსოა, მაშინ როგორღა კეთდება დასკვნა, რომ მე მეცნიერულად არაკეთილსინდისიერად მოვიქეცი? ეს ხომ მეცნიერის ძალზე უარყოფითი დახასიათებაა? ფაქტიურად, განაჩენია?”, – ასე გამოეხმაურა ეთიკის კომისიის განცხადებას იაგო კაჭკაშვილი.
“ფაქტია, თქვენ ხელი მოაწერეთ ბრალდებას, რომელსაც (როგორც თავადვე აღიარებთ) არანაირი ლეგალური და ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს! ზემოთქმულიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის მიმინდვია, შეაფასოს ზვიად აბაშიძის სტატუსის დასკვნითი პათოსი: „ეს დასკვნა არ დაწერილა იმ მიზნით, რომ ვინმეს საწინააღმდეგოდ ყოფილიყო მიმართული და, მით უფრო, ამის საფუძველზე თსუ-ს კონტრაქტი შეეწყვიტა ვინმესთვის.“
ჩემთვის ყველაფერი გასაგებია!”, – წერს იაგო კაჭკაშვილი.
ეთიკის კომისიის დასკვნით, იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომი “სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც 2001 წელს იქნა ავტორის მიერ წარდგენილი სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად და მისივე წიგნი “სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც 2001 წელს არის გამოცემული, შინაარსობრივი თვალსაზრისით იდენტურია. ამასთან, ავტორს განხილული აქვს სხვა ავტორთა ნაშრომები, რაც სადისერტაციო ნაშრომის დიდ ნაწილს მოიცავს და შეიცავს კომპილაციის ნიშნებს.
ნახეთ ვრცლად ამ თემაზე:
