ახალი ამბები

საუნივერსიტეტო განათლება ჩამორჩენილი შრომის ბაზრის მძევლად გადაიქცა – კაჭკაჭიშვილი

12 თებერვალი, 2026 •
საუნივერსიტეტო განათლება ჩამორჩენილი შრომის ბაზრის მძევლად გადაიქცა – კაჭკაჭიშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების” რეფორმა “წარმოუდგენელ ზიანს აყენებს” უმაღლეს განათლებას.

ასე ეხმაურება ის განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიას, რომლითაც განისაზღვრება, რომელ მიმართულებებზე ექნებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებს სტუდენტების მიღების შესაძლებლობა.

“ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის” მახინჯი და მავნე პრინციპის საფუძველზე (რომლის ანალოგი მინიმუმ არც ერთი ცივილიზებული ქვეყნის დედაქალაქებში და დიდ ქალაქებში არ მოიძებნება) უმაღლეს განათლებას წარმოუდგენელ ზიანს აყენებენ.

მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება დარჩება შავ ლაქად საქართველოს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ამ მაგალითითაც ასწავლიან მომავალ თაობებს, რას ნიშნავს უნივერსიტეტების დაჩეხვა და განადგურება.

ქ/ოცნების ცივი ტყუილი სახელდახელოდ: წელს სტუდენტების რაოდენობა 2000-ით გაიზრდებაო. ამ დროს, სპეციალობებზე სტუდენტთა კვოტებს დრამატულად ამცირებენ.

მაგალითად, ამტკიცებენ, სოციალურ-პოლიტიკური  სპეციალობების მიმართულებით, ყოველწლიურად, 2600-მდე სტუდენტს უშვებდა უნივერსიტეტები, სინამდვილეში მოთხოვნა 400 კურსდამთავრებულზეაო (ანუ, 6-ჯერ ნაკლებზეო). კვოტების დრამატული შემცირება ეხება თითქმის ყველა სპეციალობას. ჰოდა, რანაირად გაიზრდება სტუდენტების რაოდენობა?

ხელისუფლებაში მყოფი ძალა აცხადებს, შრომის ბაზრის კვლევამ (რომელიც თვალით არავის უნახავს, დაბეჯითებული მოთხოვნის მიუხედავად) გვიკარნახა სპეციალობებზე კვოტების დაწესებაო. ისედაც გაღარიბებული შრომის ბაზარი ხვალ რომ კიდევ უფრო გაღატაკდება, რადგან ათასობით პროექტი აღარ განხორციელდება საქართველოში, მერე რაღას ვშვრებით – უნივერსიტეტები “ბოთლის მბერავების” (გია ვოლსკის სიტყვებია!) გამოშვებაზე გადაკვალიფიცირდებიან?

ასე გადაიქცა ჩამორჩენილი შრომის ბაზრის მძევლად საუნივერსიტეტო განათლება, რათა ისიც ჩამორჩენილი გახდეს! და ბოლომდე გაკონტროლებული მთავრობის მიერ! ქვეყნის დამანგრეველები ესენი!” – წერის სოციალურ ქსელში იაგო კაჭკაჭიშვილი.

“ქართული ოცნების” განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე ამტკიცებს, რომ “ყველა უნივერსიტეტს უნარჩუნდება თავისი უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა”. თუმცა, დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დიდ ნაწილში მიმართულებების უმეტესობა უქმდება.

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე;
  • სამედიცინო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადება მედიცინის სპეციალობებზე;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე;
  • სოხუმის უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზურ ენასა და ლიტერატურაზე, პედაგოგიკის სპეციალობებზე;
  • სახელოვნებო უნივერსიტეტები სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე;
  • ბათუმისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას;
  • ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი