ახალი ამბები

როცა უსინათლო ადამიანს სახელმწიფოსთვის წერა-კითხვის ცოდნის მტკიცება უწევს

30 ივლისი, 2020 • 1184
როცა უსინათლო ადამიანს სახელმწიფოსთვის წერა-კითხვის ცოდნის მტკიცება უწევს

არასამთავრობო ორგანიზაციის – “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”(PHR) – წარმომადგენლისა და უსინათლოთა სკოლის დირექტორის მოადგილის,  მარიამ მიქიაშვილის თქმით, იუსტიციის სახლში წერა-კითხვის ცოდნის მტკიცება მხოლოდ იმიტომ მოუწია, რომ ფურცელზე საკუთარი სახელისა და გვარის დაწერა ვერ შეძლო. იუსტიციის სახლი აღნიშნულს უარყოფს.

მისი განცხადებით, უწყების თანამშრომლებს სთავაზობდა, სახელი და გვარი კომპიუტერზე ან ტელეფონში აეკრიფა, თუმცა ხარვეზიანი კანონმდებლობის გამო მომსახურება დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვერ მიიღო.

მარიამ მიქიაშვილი იუსტიციის სახლში PHR-ის სხვა წარმომადგენლებთან – ანა აბაშიძესთან და ანა არგანაშვილთან – ერთად გუშინ, 28 ივლისს მივიდა, რათა ორგანიზაციის გამგეობის წევრად დარეგისტრირებულიყო. პროცედურაზე წინასწარ ჩაეწერნენ, თუმცა, როგორც ყვება, დაბრკოლებებს პირველივე ეტაპზე გადააწყდნენ.

მისი თქმით, უთხრეს, რომ ვინაიდან უსინათლოა, რეგისტრაციის პროცესის ვიდეოჩაწერა უნდა განხორციელებულიყო შენობის შესაბამის სივრცეში. რადგან ვიზიტის ელექტრონულად ჩანიშვნის სისტემას არ გააჩნია სპეციალური საჭიროების მოსანიშნი გრაფა, უწყების თანამშრომლებმა მხოლოდ მიქიაშვილის ადგილზე მისვლის შემდგომ შეიტყვეს, რომ ის უსინათლოა, რის გამოც ბიუროკარატიული საკითხების მოწესრიგებას დამატებითი დრო დასჭირდა.

მიქიაშვილის განცხადებით, იუსტიციის სახლის თანამშრომელმა სთხოვა, ფურცელზე დაეწერა მისი სახელი და გვარი, ასევე ფრაზა: “მე ვიმყოფები იუსტიციის სახლში”. მთავარი პრობლემაც აქედან დაიწყო.

“მე ამაზე ვუპასუხე, რომ ამხელა ტექსტს ვერ დავწერ, ხელმოწერა შემიძლია- მეთქი. თან, მაინც ვიდეოჩაწერა ხდება და ტექსტი თქვენ უნდა წამიკითხოთ, ამ ტექსტს მოვისმენ და ჩემს თანხმობას სიტყვიერადაც დაგიდასტურებთ, ხელსაც მოვაწერ, უბრალოდ, ამხელა წინადადებას ვერ დაგიწერთ- მეთქი. ამაზე მითხრა, ესე იგი, წერა-კითხვის არმცოდნე ხართო?

ვცდილობდით, აგვეხსნა, რომ წერა და კითხვა არ მოიცავს მხოლოდ ფურცელზე დაწერას და ასევე მოიცავს სხვადასხვა საშუალების გამოყენებას, კომპიუტერის გამოყენებას… ვეუბნებოდი, რომ შემიძლია, ტელეფონზე აგიკრიფოთ და გაჩვენოთ,  რომ შემიძლია დაწერა, ან თქვენსავე კომპიუტერში ავკრეფ- მეთქი.

თან ვეუბნებოდი, რა მნიშვნელობა აქვს, წერა-კითხვა ვიცი თუ არა, თუ მაინც კამერით ხდება ჩაწერა და ოპერატორი მიკითხავს მე ამ ტექსტს, მოსმენით ვეცნობი. ეს პროცედურა სულ არ საჭიროებს წერა-კითხვის ცოდნას. არა, რეგულაციაში ასე გვიწერიაო და ერთსა და იმავეს იმეორებდნენ”, – აცხადებს მარიამ მიქიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, იუსტიციის სახლის თანამშრომლები დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში არკვევდნენ, რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ ასეთ დროს. საბოლოოდ, განცხადება ჩაიბარეს, თუმცა მიქიაშვილსა და მის კოლეგებს კონკრეტული გარანტიები ვერ მისცეს:

“ხან მენეჯერი გამოვიდა, ხან – კოორდინატორი, რეკავდნენ, ადგენდნენ… არკვევდნენ, როგორ შეეძლოთ იმის დადასტურება, ვიცოდი თუ არა წერა-კითხვა. თუ აღმოაჩენდნენ, რომ არ ვიცოდი, მაშინ მთხოვდნენ მოწმის მოყვანას, რომელიც ჩემ მაგივრად ხელს მოაწერდა იმ საბუთს. რეალურად, მხოლოდ ეს ფუნქცია ჰქონდა მოწმეს.

ვეუბნებოდი, კომპიუტერში აგიკრეფთ ჩემს სახელსა და გვარს, შემდგომ ამოვბეჭდოთ და გვერდზე ხელს მოვაწერ- მეთქი. ამაზე არ იყვნენ თანახმა. ბოლოს დაგვთანხმდნენ და გვითხრეს, ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ჩავიბაროთ, მაგრამ არ ვიცით, მერე როგორ იქნება, განხილვის დროს შეიძლება დაახარვეზონ და უარი გითხრანო”.

მიქიაშვილი ასევე აცხადებს, რომ უწყების თანამშრომელმა წერა-კითხვის კუთხით მისი შესაძლებლობების დადგენისას ჰკითხა, იყო თუ არა დაბადებიდან უსინათლო:

“როცა ვუთხარი, რომ არ ვიყავი დაბადებიდან უსინათლო, დაასკვნა, რომ იყო შანსი, მცოდნოდა წერა-კითხვა. თუ ვეტყოდი, რომ ვიყავი დაბადებიდან უსინათლო, მაშინ ჩათვლიდა, რომ წერა-კითხვას ვერაფრით ვისწავლიდი. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან დაბადებიდან უსინათლოები, ხშირ შემთხვევაში ისედაც იციან წერა-კითხვა, რადგან ეს ისწავლება და არ არის პრობლემა”.

საბოლოოდ, მიქიაშვილს პირადი მონაცემები კომპიუტერში ააკრეფინეს, შემდგომ კი ამობეჭდილ ფურცელზე ხელი მოაწერინეს. მისი თქმით, მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დღეს მიიღო შეტყობინება PHR-ის გამგეობის წევრად დარეგისტრირების შესახებ, თუმცა მარიამ მიქიაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული პრობლემა არ იყო ერთეული გადაცდომის შედეგი. მისი თქმით, მომხდარმა აჩვენა, რომ უსინათლო ადამიანებთან დაკავშირებით კანონმდებლობა არ ცნობს დამხმარე საშუალებების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას.

“ოპერატორის ცნობიერებაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან პროცედურის განხორციელების დროს ის იქცეოდა სწორად. მკარნახობდა ტექსტს, მიხსნიდა რაღაცებს… პრობლემა არის ის, რომ თვითონ კანონმდებლობა [არასწორად] მიჯნავს წერა-კითხვის მცოდნე და არმცოდნე ადამიანებს. არმცოდნეში იგულისხმება ნებისმიერ ადამიანი, რომელიც ფურცელზე ტექსტს ვერ დაწერს სრულად”, – ამბობს ის.

აღნიშნულ მოსაზრებას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” კიდევ ერთი წარმომადგენელი ანა აბაშიძეც ეთანხმება, რომელიც მიქიაშვილს ახლდა იუსტიციის სახლში. მისი თქმით, იგივე მოხდებოდა სხვა დაწესებულებაშიც, რადგან პრობლემა სისტემურია. აბაშიძის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ სერვისების გაუმჯობესებისათვის ბიუჯეტიდან თუ საერთაშორისო დონაციებიდან დიდძალი თანხის გამოყოფის შემდეგ, მოქალაქეები ისევ აწყდებიან მსგავს პრობლემებს.

“…ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებდით, თუმცა სწორად მოიქცა ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრში და ვიმედოვნებ, გაითვალისწინეს ის საუბარი, რაც ჩვენ გუშინ ჩავატარეთ მარიამთან ერთად. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან აუცილებელია, მარიამის გუშინდელი წარმატებული საქმით ისარგებლოს ყველა მოქალაქემ.

მეორე  მომენტიცაა: მარიამი თავადაც ადამიანის უფლებების აქტივისტია. ჩვენც ამ სფეროში ვმუშაობთ. დაუშვებელია, მხოლოდ ჩვენნაირი ადამიანებისთვის კეთდებოდეს საქმე ეფექტურად. როდესაც მივა მოქალაქე, რომელსაც არ აქვს ასეთი რესურსები, შესაძლებლობა და ცოდნა, მასთანაც ზუსტად იმ მაღალი სტანდარტით უნდა იმუშაონ, როგორც ამ შემთხვევაში ჩვენთან მიმართებით გააკეთეს”, – აღნიშნავს ის.

რას ამბობს იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლი უარყოფს, რომ მარიამ მიქიაშვილს მისი განსაკუთრებული საჭიროებების გამო პრობლემები შეექმნა. უწყების თქმით, ყველაფერი კანონით დადგენილი წესით მოხდა, რასაც პროცედურის დროს გაკეთებული ვიდეოჩანაწერიც ადასტურებს.

“2020 წლის 28 ივლისს მომხმარებელმა მარიამ მიქიაშვილმა, თანმხლებ პირებთან ერთად, იუსტიციის სახლს მიმართა ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრის ცვლილების თაობაზე. ქალბატონმა მარიამმა იუსტიციის სახლის ოპერატორს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე – უსინათლო პირი.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, დადგენილი წესის თანახმად, ოპერატორმა მომხმარებელს აცნობა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შეტანილი ცვლილების თანახმად, უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული და წერა-კითხვის არმცოდნე პირებს იუსტიციის სახლის გარკვეული სერვისის მისაღებად აღარ სჭირდებათ თანმხლები პირების დახმარება და მათ სერვისების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა მიეცათ, რაც შშმ პირების მრავალწლიანი მოთხოვნაც იყო.

აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის შინაარსისა და განხორციელების თავისებურებების შესახებ მომხმარებელს მიეწოდა დეტალური განმარტება და აეხსნა, რომ სერვისის დამოუკიდებლად მისაღებად მოხდებოდა მომსახურების პროცესის ვიდეოგადაღება. მომხმარებლის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ დაიწყო მომსახურების პროცესი.

ყველა საჭირო პროცედურის შესრულების შემდგომ ქალბატონ მარიამ მიქიაშვილს საქმისწარმოებისთვის საჭირო დოკუმენტები – კრების ოქმი და გარიგების დამატებითი პირობები – გადაეცა მატერიალურად სახელის და გვარის დაფიქსირებისა და ხელმოწერის განხორციელების მიზნით.

ქალბატონმა მარიამმა განაცხადა, რომ ის ვერ შეძლებდა მითითებულ ადგილას კალმით სახელის და გვარის დაწერას. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს განემარტა, რომ ასეთ შემთხვევაში მას შეეძლო, კანონით დადგენილი წესის თანახმად,  როგორც ეს ხდებოდა ადრე, საქმისწარმოებაში სხვა პირი ჩაერთო. თუმცა ქალბატონმა მარიამმა უარი განაცხადა სხვა პირის ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ მას დამოუკიდებლად შეეძლო სახელის და გვარის აკრეფა კომპიუტერის კლავიატურაზე, რის შემდეგაც უკვე კალმით მოაწერდა ხელს.

მომხმარებლის მოთხოვნის და ინტერესების გათვალისწინებით, მოქალაქის სურვილის შესაბამისად, დოკუმენტში სახელის და გვარის ჩაწერა განხორციელდა კლავიატურის გამოყენებით, ხოლო ხელმოწერა – კალმით.

მიმდინარე წლის 28 ივლისს შემოსული განცხადების განხილვა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“ დაასრულა 29 ივლისს და სრულად დააკმაყოფილა მხარეთა მოთხოვნა”, – წერია იუსტიციის სახლის მიერ “ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილ განცხადებაში.

უწყების თქმით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა და მათთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

“სწორედ ამიტომ ,იუსტიციის სახლი შშმ პირებისთვის მუდმივად ცდილობს, მაქსიმალურად გაზარდოს ფილიალების და სერვისების ხელმისაწვდომობა, დონორ და მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად. აღნიშნული მიმართულებით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა და დღეს იუსტიციის სახლი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ყველაზე ადაპტირებული საჯარო დაწესებულება საქართველოში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი