ახალი ამბები

სააკაშვილი აშშ-სგან კიდევ უფრო მკვეთრ პოზიციებს ელის

28 ივლისი, 2020 • 1220
სააკაშვილი აშშ-სგან კიდევ უფრო მკვეთრ პოზიციებს ელის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბარს ეხმაურება და ამბობს, რომ შეერთებული შტატებისგან უფრო მკვეთრ პოზიციებს ელის.

“სიმართლეა, რომ აშშ და მთლიანად დასავლეთი სულ უფრო კრიტიკულია ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ, მაგრამ მაინც გამოიყენება დიპლომატიური ენა, ივანიშვილს და მის დამქაშებს კი დიპლომატიური ენა და ენის მოჩლექა არ ესმით. ამიტომ მე, როგორც ადამიანი, ვისაც დიდი ხანია აქვს კონტაქტები ამერიკაში და დიდი მეგობრობა მაკავშირებს ამ ქვეყანასთან, ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან მოველი პოზიციების კიდევ უფრო მკვეთრ ჩამოყალიბებას და ნათლად განმარტებას იმისა, რომ საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ, პრორურუსლ რეჟიმთან, რომელიც ჩართულია ათასგვარ საეჭვო კომბინაციებში და ვნებს ქართველი ხალხის ინტერესებს და ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენს რეგიონში”,- ამბობს სააკაშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, არც თავად აპირებს ენის მოჩლექას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.

“უნდა ვთქვათ, რაც არის. ჩვენ გვჭირდება გაგრძელება ამ კრიტიკის, მაგრამ გვჭირდება კიდევ უფრო ზუსტი ფორმულირებები ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე. აქ უნდა მოხდეს სრული შუის გაკრეფა და შავის და თეთრის გარჩევა. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ასეც ჩამოყალიბდბება. ტენდენცია სწორია, ველი კიდევ უფრო მეტ ძალიან მკვეთრ პოზიციებს”, – ამბობს სააკაშვილი.


27 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც პომპეომ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება და გააფრთხილა საქართველოს სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

აღნიშნული სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავრობამაც, თუმცა სასამართლო სისტემაზე საუბრის შესახებ მასში აღნიშნული არ ყოფილა.

გახარიას გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა  კოვიდ-19-ის გამოწვევებსა და ამ მხრივ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. განცხადების მიხედვით, საუბრისას გახარიამ ხაზი გაუსვა პომპეოს პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისადმი.

ამასთან, გახარიასა და პომპეოს შორის საუბარი შედგა ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც. როგორც გახარიას ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, პრემიერმა პომპეოს, კოვიდ-19-ის კრიზისის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა, კერძოდ ეთნიკური ქართველების გატაცებისა და დაკავების ფაქტებზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური გვერდის თანახმად კი, პომპეომ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქარველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და განმარტა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმების მიხედვით უნდა იმოქმედოს და შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც დესტაბილიზაციას იწვევს.

სატელეფონო საუბრისას ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

“პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობაზე ვისაუბრე. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს რუსული ოკუპაციის წინაშე”, – დაწერა მაიკ პომპეომ Twitter-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი