ახალი ამბები

54%-ის აზრით, ევროკავშირს თავისი წევრები COVID-19-თან ბრძოლაში არ მიუტოვებია – NDI

28 ივლისი, 2020 • 836
54%-ის აზრით, ევროკავშირს თავისი წევრები COVID-19-თან ბრძოლაში არ მიუტოვებია – NDI

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) და CRRC-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მათი აზრით, ევროკავშირს თავისი წევრი ქვეყნები არ მიუტოვებია Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, 60% არ ეთანხმება შეხედულებას, თითქოს „ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი იქმნება“.

კვლევა 28 ივლისს გამოქვეყნდა. საველე სამუშაოები 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა, რა პერიოდშიც 1 550 დასრულებული ინტერვიუ ჩაატარეს, საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

კითხვები ასე იყო ფორმულირებული: „ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: ევროკავშირმა თავისი წევრი ქვეყნები მიატოვა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“. ამ მოსაზრებას 10% ეთანხმება, 54% არ ეთანხმება, 35% კი ამბობს, რომ არ იცის. დარჩენილი 1% უარს ამბობს პასუხზე.

ფორმულირებას, „რუსეთი ამერიკაზე უკეთ ართმევს თავს კორონავირუსის პანდემიას“, 7% ეთანხმება, 59% არ ეთანხმება, 33% ამბობს, რომ არ იცის, დარჩენილი 1%-ზე ნაკლები კი უარს ამბობს პასუხზე.

ფორმულირებას, „რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებზე უკეთ ართმევს თავს კორონავირუსის პანდემიას“, 7% ეთანხმება, 63% არ ეთანხმება, 29% ამბობს, რომ არ იცის, დანარჩენი 1%-ზე ნაკლები კი უარს ამბობს პასუხზე.

ფორმულირებას, „ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი იქმნება“, ეთანხმება მხოლოდ 4%, არ ეთანხმება 60%, დანარჩენი 36% კი ამბობს, რომ არ იცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი