ახალი ამბები

კონტრაქტის შენარჩუნებაზე მთავრობის გადაწყვეტილება დროებითია – “ფრონტერა”

28 ივლისი, 2020 • 1050
კონტრაქტის შენარჩუნებაზე მთავრობის გადაწყვეტილება დროებითია – “ფრონტერა”

“ფრონტერა” აცხადებს, რომ რეალურად, საქართველოს მთავრობა კონტრაქტს არ წყვეტს, მათთვის გაგზავნილ შეტყობინებაში კი წერია, რომ ქართული მხარე კვლავ შეეცდება ხელშეკრულების შეწყვეტას.

“პრემიერ – მინისტრის მიერ განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, გამოგვიგზავნეს იურიდიული შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ იგი კვლავ შეეცდება ჩვენი ხელშეკრულების გაუქმებას და მხოლოდ “დროებით შეაჩერებს” ამ მიზნის განხორციელების მცდელობებს”,-წერია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია ითხოვს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და მოუწოდებენ, რომ მუშაობის გაგრძელება ახალი პირობების გარეშე მიეცეთ. ამას გარდა, “ფრონტერა” ამტკიცებს, რომ 27 ივლისს ან სხვა დღეს ხელშეკრულების  ცალმხრივად გაუქმების არანაირი საფუძველი არასდროს ყოფილა.

“ახლა, მას შემდეგ, რაც მაღალი თანამდებობის პირები ჩვენს კომპანიასთან შეხვედრის მცდელობის გარეშე აკეთებენ საჯარო განცხადებებს, ჩვენ მშვიდად გვიგზავნიან სრულიად საწინააღმდეგო შეტყობინებას იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესის დაშინება განაგრძონ. საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ნორმალური ქცევა, როდესაც საქმე ეხება აშშ-ის კერძო სექტორის უმსხვილეს ინვესტორთან მუშაობას. ეს ნამდვილად არ არის წამახალისებელი რეკლამა ამერიკის კერძო სექტორის იმ პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებიც დაშინების ამ სახალხო თეატრს უყურებენ.

სპექტაკლი, რომელიც დასრულდა ცილისმწამებლური მედიაკამპანიით, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი კომპანიის დაცინვას და ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით ყალბი განცხადებების გავრცელებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას საარბიტრაჟო სასამართლოს ბოლოდროინდელი განჩინება, პატივი სცეს ჩვენი ხელშეკრულების პირობებს, გამართოს ჩვენთან კონსტრუქციული შეხვედრა და მოგვცეს გარანტია, რომ მუშაობის გაგრძელებას საფრთხეების, დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე შევძლებთ“,-წერია კომპანიის განცხადებაში.

„ფრონტერას“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი (CEO) ზაზა მამულაიშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ შეტყობინებაში არ არის მითითებული, რა პერიოდის მანძილზე ნარჩუნდება კომპანიასთან კონტრაქტი. ამის გამო მამულაშვილი ამბობს, რომ კომპანიას საქმიანობის გაგრძელებაში ხელი ეშლება, რადგან მოპოვებითი სამუშაოები საკმაოდ დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული:

“ერთი ჭაბურღილის ბრუნვა 10 მლნ ღირს და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, როცა არ ვიცით, ზეგ მოვლენ თუ სამ თვეში და ყველაფერს წაგვართმევენ. მთავრობის ხელმძღვანელი გამოდის და ამბობს, რომ კონტრაქტს არ ვწყვეტთ და შეწყვეტას აღარ ვაპირებთ, თუმცა მეორე დღესვე ოფიციალურად შეგვატყობინეს, რომ ეს პროცესი მხოლოდ დროებით შეწყვიტეს. ასე რომ, ეს სრულიად გაურკვეველი ვითარება არ გვაძლევს საშუალებას გავაგრძელოთ მუშაობა.”

ნეტგაზეთი ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდა. საპასუხო კომენტარის შემთხვევაში მასალა განახლდება.

შესწორება: თავდაპირველ ვერსიაში ეწერა 100 მლნ, რაც არასწორია და რეალურად 10 მლნ უნდა ყოფილიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი