ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ ეხმარებიან და ვერ ეხმარებიან გალში მოძალადე კაცებთან გამოკეტილ ქალებს – ინტერვიუ უფლებადამცველთან

27 ივნისი, 2020 •
როგორ ეხმარებიან და ვერ ეხმარებიან გალში მოძალადე კაცებთან გამოკეტილ ქალებს – ინტერვიუ უფლებადამცველთან

აფხაზეთში დღეს არ არსებობს არც ქალთა კრიზისული ცენტრები და არც თავშესაფრები. პანდემიის პირობებში დაკეტილი გამშვები პუნქტები კი ქალებს გაქცევის საშუალებასაც არ აძლევს. აფხაზეთში არ არსებობს კანონი, რომელიც ქალს მოძალადისგან დაიცავს. ყოველივე ამას ემატება ადგილობრივ საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი, რომ ქმარს პოლიციაში არ უნდა უჩივლო. ამიტომ ქალები ხშირად საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ითმენენ ძალადობას და მოძალადე კაცებთან რჩებიან.

გალელი უფლებადამცველი, რომელიც გალის გარდა, აფხაზეთის სხვა რაიონებსა და ქალაქებში მუშაობს, ანონიმურობის დაცვის გარანტიით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადმცველების შეზღუდულ მექანიზმებზე და ადგილობრივების იმ პრობლემებზე ჰყვება, რომლებიც აფხაზეთში უცხო არ არის, თუმცა ქართულ მედიასთან ამაზე ღიად საუბრისგან  აფხაზეთში, მით უმეტეს, გალში, ადგილობრივი უფლებადამცველებიც ხშირად თავს იკავებენ.


“აფხაზეთში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონიც კი არ არსებობს. ერთადერთი დახმარება ქალებისთვის არის უფლებამდაცველ არასამთავრობო ორგანიზაციებში კონსულტაციის, ფსიქოლოგის, ექიმის და იურისტის დახმარების შეთავაზება. გალში არსებობს ე.წ. კრიზისული ცენტრი, მაგრამ რეალურად მას უფრო საინფორმაციო ცენტრს ვუწოდებდი, რადგან იქ ქალს დარჩენის შესაძლებლობა არ აქვს”.

უფლებადამცველი გვიყვება, რომ 2014-2015 გალში კრიზისული ცენტრი არსებობდა, სადაც ქალებს ბავშვებთან ერთად 3-4 დღით დარჩენა შეეძლოთ, თუმცა ამ 3-4 დღის შემდეგ სხვას ვერაფერს სთავაზობდა ცენტრი ქალებს. თუ ეთნიკურად ქართველი იყო და ჰქონდა სურვილი, გალში არსებული უფლებამდამცველი ორგანიზაციის მიერ მისი ქართულ მხარეს გადამისამართება ხდებოდა.

გალი; ფოტო: ნეტგაზეთი

გალი; ფოტო: ნეტგაზეთი

“ახლა, პანდემიის პირობებში, როდესაც გამშვები პუნქტიც დაკეტილია, ამასაც ვეღარ ახერხებენ ქალები, თუმცა პანდემიამდეც, დოკუმენტაციის პრობლემების გამო, ბევრი ვერც მაშინ ახერხებდა გამშვები პუნქტის გადაკვეთას”.

“დღეს, როდესაც ყველაფერი ჩაკეტილია და არც “გასაქცევი” არსებობს, ქალები მოძალადეებთან რჩებიან”

უფლებამდამცველი გვიზიარებს დაკვირვებას, რომ გალში, და მთლიანად აფხაზეთშიც, როგორც ქალების მშობლები არ არიან მზად, შვილები უკან მიიღონ, თავად ქალებიც არ არიან მზად, წავიდნენ ცალკე საცხოვრებლად.

“ეს აიხსნება იმით, რომ ბევრს არ აქვს განათლება, სამსახური და ფიქრობენ, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებენ. მით უმეტეს, თუ შვილები ჰყავთ, დიდწილად დამოკიდებული არიან ქმრებზე, პარტნიორებზე.

“არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ქალია ოჯახში ფულის ძირითადი შემომტანი და მაინც ძალადობის მსხვერპლია. ეს ქალებიც კი ვერ მოდიან მოძალადისგან იმის შიშით, რომ “საზოგადოება რას იტყვის, მშობლები რას იტყვიან”. ქალებს გვერდით მშობლებიც არ უდგანან. ეუბნებიან, “თუ გათხოვდი, ქმრის ოჯახშივე უნდა მოკვდე”.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც გალში კრიზისული ცენტრი არსებობდა, სადაც ქალებს რამდენიმე დღე შეეძლოთ დარჩენა, ესეც კი პრობლემას უქმნიდა მათ, რადგან იმ ცენტრიდან გამოსული, ისევ სახლში ბრუნდებოდა, სადაც ქმარი ხვდებოდა და ისევ ძალადობის ობიექტი ხდებოდა ქალი.

სამართლებივ დონეზე რა იცავს ქალს დღეს აფხაზეთში

სამართლებივ დონეზე დღეს ქალს აფხაზეთში არაფერი იცავს. ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, პოლიცია განცხადებას არც ჩაიბარებს ქალისგან, რომელიც მარტო მივიდა.

“თუ ორგანიზაციის იურისტი მიჰყვა, კიდევ აქვს ამის შანსი. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, რეგირება ნულია. ამავე დროს, სამართლებრივი მექანიზმების გარეშე პოლიციას რეაგირებას ვერც მოვთხოვთ. ყველაზე ბევრი, რისი გაკეთებაც შეუძლია პოლიციას ასეთ შემთხვევაში, მოძალადესთან დალაპარაკება ან მისი დაშინებაა.

კანონით, სამწუხაროდ, ვერაფერს აკეთებენ და ამიტომაც არ იბარებენ განცხადებას. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქალმა შეიტანა პოლიციაში განცხადება, სახლში დაბრუნებულს კი დახვდნენ ნათესავები და მეზობლები და ქალის შერცხვენა, გადაბირება სცადეს –  “შენი ქმარია, შენი შვილების მამა და როგორ არ გრცხვენია” და ა. შ. ამის შემდეგ ქალმა გამოიტანა საჩივარი. რამდენიმე მსგავსი შემთხვევის შემდეგ პოლიცია ახლა საერთოდ აღარც იბარებს ასეთ განცხადებებს”, – ამბობს უფლებადამცველი.

ერთადერთი მუხლი, რომლითაც შეიძლება ასეთ შემთხვევებში საქმის გამოძიება დაიწყოს, არის  “წვრილმანი ხულიგნობა”, რომლის დამტკიცების შემთხვევაში  მოძალადეს 15 დღით დააპატიმრებენ.

“და რა იქნება შემდეგ? მხოლოდ უარესი ქალისთვის. ამიტომ ქალები ფიქრობენ, რომ მათთვისვე აჯობებს, თუკი საერთოდ არ დაწერენ საჩივარს. დარწმუნებული არიან, რომ ციხიდან გამოსული ქმარი კიდევ უფრო მეტად იძალადებს მასზე”.

ქალები გალში ბევრად უარეს დღეში არიან ძალადობის კუთხით, ვიდრე სხვაგან

“თუმცა, მიმართვიანობა წლების დინამიკაში გაზრდილია. ეს იმ ფონზე, როდესაც უფლებადამცველ ორგანიზაციებს მხოლოდ ფსიქოლოგიური ან იურიდიული დახმარების გაწევა შეუძლია მათთვის, რაც ამ ადამიანებისთვის, ასევე, ბევრს ნიშნავს”, – ამბობს უფლებამდამცველი.

პანდემიის დროს, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა, ქალები ცხელი ხაზის მეშვეობით იღებდნენ ფსიქოლოგის, ექიმისა და იურისტის კონსულტაციას. შესაბამისად, ამ პერიოდში მიმართვიანობა მაღალი არ იყო. როგორც უფლებადამცველი გვეუბნება, ქალებს ხშირად სახლიდან დარეკვის და ინფორმაციის შეტყობინების საშუალებაც არ აქვთ.

 აფხაზი ომბუდსმენის აპარატის როლი გალში ქალების უფლებების დაცვის საკითხში

აფხაზი ომბუდსმენი წარსულში არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა – ის წამყვანი ორგანიზაციის იურისტი იყო, რომელიც გალთან დაკავშირებით აქტიური იყო და ადგილობრივების დოკუმენტაციის პრობლემების შესახებ მუდამ ხმამაღლა საუბრობდა.

“ჩამოდიოდა ხოლმე გალშიც, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრებს ითხოვდა. აქტიურად ვთანამშრომლობდით მასთან ობმუდსმენად დანიშვნის შემდეგაც. აინტერესებდა, რა პრობლემების წინაშე იყვნენ ადგილობრივები, თუმცა, წინა მთავრობის დროს მასზე წნეხი გაიზარდა და მისი მხრიდან რეაგირება შემცირდა. იყო მუქარები მის მიმართაც. ამჟამადაც კონტაქტზეა, თუმცა პრობლემების გადაჭრის კუთხით ვერაფერს აკეთებს. იმედი გვაქვს, ახალი მთავრობის პირობებში აქ მისი როლი გაძლიერდება. ჯერჯერობით, კი არაფერი შეცვლილა”.

სხვა უფლებამდაცველები ან ორგანიზაციები აფხაზეთში ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მიღების შესახებ 

“აფხაზეთში ერთ-ერთ უფლებამდაცველ ორგანიზაციას აღნიშნული კანონის სამუშაო ვერსია მზად აქვს, თუმცა წინა ხელისუფლება აცხადებდა, რომ “ახლა ოჯახში ძალადობის თემაზე კანონის დრო არ არის.

ზოგადად, აფხაზეთში კანონის მიღება ძალიან ადვილია, მაგრამ აღსრულებაა ძალიან რთული. 2006 წელს აფხაზეთში გენდერულ თანასწორობაზე კანონი  მიიღეს, მაგრამ ამის შესახებ სახელმწიფო სტრუქტურებში არც იციან. ყველა ისე გიყურებს, როგორც სულელს, როდესაც ეუბნები, რომ დიახ, აფხაზეთში ასეთი კანონი არსებობს”.

ერთადერთი კანონი, რომელიც მუშაობს აქ, აბორტების აკრძალვაა, რომელიც ძალაში შესვლიდან მეორე დღესვე ამუშავდა”.

სად მიდიან პანდემიის დროს ქალები აბორტის შემთხვევაში

“აქამდე გალიდან თბილისში დიდი მიგრაცია იყო ამ კუთხით. იქითა ქალაქებიდან – რუსეთში. ახლა ჩაკეტილია პუნქტები და ეს შესაძლებლობა აღარ არსებობს. ქალები ხელოვნურად წყვეტენ ორსულობას, რაც, რა თქმა უნდა, მათი სიცოცხლისთვის საშიშია”.

გარდა ამისა, წარმოიშვა კონტრაცეფციის პრობლემა. აფთიაქებში არ იშოვება კონტრაცეპტივები. ამ მხრივ იუნისეფი კარგ საქმეს აკეთებს. მათ პერიოდულად  შემოაქვთ ხოლმე აბები, თუმცა სოფლებში ეს ინფორმაციაც არავის აქვს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი