ევროკავშირი და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ ჩართულ სამედიცინო პერსონალს დაცვის საშუალებებს გადასცემენ.
ამის შესახებ ინფორმაციას 25 ივლისს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს, რომლის ცნობით, 15 ტონა ტვირთი უკვე საქართველოშია.
1.5 მილიონი ერთეული პერსონალური დაცვის საშუალებები, რომლითაც ევროკავშირი საქართველოს ეხმარება, მოიცავს:
[checklist]
- 5,000 სახის საფარს
- 13,200 დამცავ სათვალეს;
- 30,000 საიზოლაციო ხალათს;
- 1,000,000 სამედიცინო ნიღაბს;
- 328,000 რესპირატორს.
[/checklist]
ევროკავშირის ცნობით, პირადი დამცავი საშუალებები გადანაწილდება ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 9 რეგიონულ ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 4,200 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებსა და სოფლის ექიმებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით.
ეს დახმარება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი €400 მილიონი ევროს (დაახლ. 1.5 მილიარდი ლარი) ნაწილია, რომელიც დაუცველი ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი და მათ ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირმა €15 მილიარდ ევროზე მეტი გაიღო COVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად.
25 ივლისს ცნობილი გახდა სამედიცინო პერსონალის კოვიდ 19-ით კიდევ ორი წევრის ინფიცირების შესახებ.
25 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ 19-ის 1117 დადასტურებული შემთხვევაა.
