აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოს მთავრობის გუშინდელ განცხადებას ამერიკული კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით.

23 ივლისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ამერიკულ ნავთობკომპანია „ფრონტერასთან“ მთავრობა კონტრაქტს აღარ გაწყვეტს.

„გუშინ ჩვენ მივესალმეთ საქართველოს მთავრობის შეთავაზებას და განცხადებას, როგორც კარგ ნიშანს იმისა, რომ ის აპირებს, ბიზნესთან კომუნიკაციის არხები ღია დატოვოს“, – განაცხადა 24 ივლისს კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„დავები ხდება. მნიშვნელოვანი ის არის, რომ კომპანიებისთვის არსებობს კომუნიკაციის ღია არხები, რათა დასხდნენ მთავრობასთან და [დავები] გადაჭრან. ეს არის ის, რისი ნახვაც გვსურს — მხარეები დასხდნენ და იმსჯელონ ამ დავიდან გამოსავალზე“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. ელჩის კომენტარი ნეტგაზეთს აშშ-ის საელჩომ მოაწოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობამ ნავთობკომპანია „ფრონტერასთან“ კონტრაქტი არ გაწყვიტა, რათა არავის მისცეს შესაძლებლობა, ქვეყნის ბიზნესგარემო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

კომპანია კი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს „დეზინფორმაციულ კამპანიას“ და მათ მოუწოდებს, პირობა მისცეს, რომ სამუშაოს „უსაფრთხოდ, დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე“ დაუბრუნდებიან.

არბიტრაჟის გადაწყვეტილება, — ისევე, როგორც კონტრაქტის შინაარსი და პირობები, — ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება.

ნახეთ „ნეტგაზეთის“ სტატია ამ თემაზე:

ყველაფერი „ფრონტერასა“ და მასთან დავაზე