ახალი ამბები

ვინ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი

23 ივლისი, 2020 • 2168
ვინ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი

საქართველოს პრემიერის განკარგულებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა. მან საბჭოში ანა დოლიძე ჩაანაცვლა.

როგორც პრეზიდენიტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღვამიჩავას აკადემიურ სფეროში საქმიანობის 15- წლიანი გამოცდილება აქვს.

ღვამიჩავას ბიოგრაფიის მიხედვით, 1981 წელს ქალაქ გორში დაიბადა. 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მიღებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ბიოგრაფიის მიხედვით, მას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი კურსი და ტრენინგი, 2008 და 2009 წლებში მონაწილეობდა სახელმწიფო უწყებებში მომუშავე საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამართულ ტრენერთა საკვალიფიკაციო სემინარში ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

ადმინისტრაციის ცნობით, ღვამიჩავა 2010-2011 წლებში Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამით სწავლობდა PHD დოქტორანტურის საფეხურზე ბულგარეთში, რუსეს უნივერსიტეტში. 2011 წელს გაიარა სწავლების მეთოდიკის მასტერკლასი – ამერიკული სამართლის გაცნობა სტუდენტებისთვის. 2013-2015 წლებში გაიარა თანამედროვე სწავლების მეთოდების, კაზუსების ამოხსნის მეთოდების, ადმინისტრაციულ სამართალში კაზუსის განხილვის გერმანული მეთოდის კურსები.

გარდა ამისა, ღვამიჩავა 2002 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. თავდაპირველად ის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის ლაბორანტი იყო, 2003 წლიდან -ადმინისტრაციული სამართლისა და პროცესის კათედრის ლაბორანტი, პარალელურად კი, 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილის იურიდიულ ინსტიტუტში.

2005 წლიდან დღემდე ღვამიჩავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორია.

ღვამიჩავას ბიოგრაფიის თანამად, 2006 წლიდან დღემდე აქტიურად მოღვაწეობს სამეცნიერო სფეროში. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, მეცნიერთა რუსეს კავშირის ჟურნალსა და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ჟურნალში, არის ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელოს თანაავტორი და გამოცემული აქვს პროფესორ მაია კოპალეიშვილის 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კრებული.

2020 წლის 22 ივლისს თამარ ღვამიჩავა დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

თამარ ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 23 ივლისს წარადგინა:

“კონკურსების მიმართ ხშირად არსებული უნდობლობის გამო, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ხაზი გაესვას ამ პროცესის სრულიად გამჭვირვალედ ჩატარებას. და დღეს მაქვს პატივი, საზოგადებას წარვუდგინო ჩემ მიერ შერჩეული კანდიდატი – ქალბატონი თამარ ღვამიჩავა, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად 4 წლის ვადით ვნიშნავ”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა ღვამიჩავას წარდგენისას.

პრეზიდენტის განმარტებით, ღვამიჩავაზე არჩევანი 14 კანდიდატს შორის შეარჩია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, კანდიდატების შერჩევის ეტაპზე არც მას და არც საზოგადოების სხვა წევრებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თვალი ედევნებინათ მიმდინარე პროცესებისთვის, რათა ყველას სცოდნოდა დაზუსტებით, თუ რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება და რატომ არ შეარჩია, მაგალითად, სხვა კანდიდატი.

ჯანეზაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არ აქვს ვალდებულება, საბჭოს წევრის არჩევისას საზოგადოებას კანდიდატებისა და პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, მან თავად უნდა მოისურვოს, რომ ეს პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძის ნაცვლად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი