ახალი ამბები

შსს: თამარ ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება

23 ივლისი, 2020 • 1668
შსს: თამარ ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუშინ, 22 ივლისს ნაპოვნი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს, რომელსაც უწყება 5 დღის განმავლობაში ეძებდა, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

შსს-ს გაცხადებით, გამოძიების ფარგლებში დგინდება, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს, გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე, აფთიაქში გარკვეული მედიკამენტები შეიძინა და ამჟამად გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ეს იგივე პრეპარატებია თუ არა, რომელიც გარდაცვლილის ჩანთაში აღმოაჩინეს:

“პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური”, – აცხადებენ უწყებაში.

შსს-მ ასევე დაადასტურა, რომ ქალის მანქანა, სადაც ცხედარი იპოვეს, არასრულწლოვანმა მწყემსმა იპოვა. უწყების თქმით, გარდაცვლილს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ უკვე დაკითხულია. ბაჩალიაშვილის სამსახურიდან კი კომპიუტერული მოწყობილობები ამოიღეს:

” ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბრის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახის წევრები, გამოთხოვილია ვიდეოკამერის ჩანაწერები”, – აცხადებენ უწყებაში.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რატომ ვერ მოახერხა შსს-მ ახალგაზრდა ქალის პოვნა 5 დღის განმავლობაში, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე აცხადებს, რომ თვითმხილველებს, რომლებმაც ბაჩალიაშვილის მანქანა შენიშნეს, გამოძიებისთვის აღნიშნული მიმართულება არ მიუთითებიათ:

” 18 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილი გავიდა სახლიდან და დაახლოებით 20 წუთში ფიქსირდება ხაიშის ჭკვიანი კამერების ლოკაციაზე, სადაც ჩანს, რომ ის ავტომანქანას მართავს თავად. პირველ ეტაპზე ძიების დროს არ არის განსაკუთრებულად გამოკვეთილი გარდაცვალების შესაძლო შემთხვევა და ნებისმიერი ვერსია იხილება.

ამ კუთხით, გადაადგილების ლოკაცია რაც აღმოჩნდა გამაოძიების მიერ, მოხდა დეტალური შესწავლა, ათეულობით ადამიანი გამოიკითხა. თუმცა კამერებზე, სადაც ავტომანქანა დაფიქსირდა იქიდან შემთხვევის ადგილამდე 15 კილომეტრის რადიუსში, არ იყო იქაური გამოკითხული მოქალაქეების მიერ მითითება. მისი ავტომანქაის ფიქსაცია და გადაადგილება არ ემთხვევა შემთხვევის ადგილს, რაც გახდა იმ ვადით ძებნის მიზეზი, რა ხნის განმავლობაშიც ძებნა მიმდინარეობდა”, – ამბობენ უწყებაში.

რაც შეეხება კვალიფიკაციის ნაწილს, შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება კვლავ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს:

“საგამოძიებო მოქმედებებზე გამოძიების ინტერესი და საგანი არის კითხვებზე პასუხის გაცემა. თვითმკვლელობის ვერსიაც რომ არსებობდეს, თვითმკვლელობას აქვს რამდენიმე კვალიფიკაცია. ადამიანი შეიძლება თვითმკვლელობამდე უბრალოდ მიიყვანოს გარკვეულმა პირობებმა, გარკვეულმა პირებმა. ამიტომ კვალიფიკაციის შემხებლობა თვითონ საგამოძიებო მოქმედებების არეალთან ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია, გმაოძიებამ სრული სიზუსტით გამორიცხოს ან დაადასტუროს გარკვეული შემხებლობა ადამიანების თუ მოვლენების”, – აცხადებენ უწყებაში.


თეთრიწყაროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა  22 ივლისს მწყემსმა იპოვა.

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი