ახალი ამბები

ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას 87% დადებითად აფასებს – CRRC

23 ივლისი, 2020 • 1395
ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას 87% დადებითად აფასებს – CRRC

ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოკითხულთა 87% დადებითად აფასებს.

ამაზე მიუთითებს CRRC-საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევა Covid 19-ის შესახებ.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91% ასევე კარგად ან ძალიან კარგად აფასებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობას, რომლის დაქვემდებარბაშიცაა ლუგარის ცენტრი.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მშენებლობა, აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო, უახლესი შენობა კი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ლაბორატორია არაერთხელ გამხდარა ძირითადად რუსული წყაროებიდან მომდინარე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სამიზნე. ლუგარის ლაბორატორიას წამყვანი როლი აქვს ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების დადგენაში.


CRRC-საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევა წარმოადგენს ექვსი ყოველკვირეული სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს საქართველოში კოვიდ-19-ის კრიზისზე მოსახლეობის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

მონაცემები შეგროვდა მობილური ტელეფონის ნომრების შემთხვევითი აკრეფის მეთოდის გამოყენებით; ინტერვიუები ჩატარდა ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და რუსულად. გამოკითხვის პირველი ტალღა ჩატარდა 29 აპრილიდან 3 მაისამდე პერიოდში; მეორე – 7-10 მაისს; მესამე – 14-17 მაისს; მეოთხე – 21-23 მაისს; მეხუთე – 28-31 მაისს; მეექვსე – 4-6 ივნისს.

კვლევა დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ. კვლევაში ცდომილების ზღვარი 3-3,1%-ია.

ლუგარის ცენტრი იგებს ომს რუსეთის პროპაგანდასთან, თუმცა მზად უნდა ვიყოთ ახალი მითებისთვის – თინა ხიდაშელი

მასალების გადაბეჭდვის წესი