ახალი ამბები

ბაზრებში თერმოსკრინინგი ჩატარდება — გახარია

23 ივლისი, 2020 •
ბაზრებში თერმოსკრინინგი ჩატარდება — გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე ჩატარდეს თერმოსკრინინგი და შერჩევითი ტესტირება. ამის შესახებ მან 23 ივლისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარია ამბობს, ამის მიზეზი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდა და „სოფლების სოციალური სტრუქტურაა“, რომლის ფარგლებშიც „მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის ან ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებზე თუ ბაზრობებზე“.

„განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც არის ყურადსაღები, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოციალური სტრუქტურა ამ სოფლების გახლავთ ისეთი, რომ ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის ან ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებზე თუ ბაზრობებზე.

ამიტომ, უკვე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებზე, ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება შერჩევითი, ისევე როგორც ამ სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა ის, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება, სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების სწრაფი გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე, ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად“, — აღნიშნა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი