ახალი ამბები

დანერგეთ “შაქარაშვილის ქარტია” – დოლიძე სპორტის ფედერაციებსა და მთავრობას

21 ივლისი, 2020 • 1000
დანერგეთ “შაქარაშვილის ქარტია” – დოლიძე სპორტის ფედერაციებსა და მთავრობას

“მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე სპორტულ ფედერაციებსა და მთავრობას გიორგი შაქარაშვილის სახელობის ქარტიის დანერგვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება დოლიძემ ბრიფინგზე გააკეთა. 

მისი თქმით, ქარტია არის პრინციპების ერთობლიობა, რომელიც სპორტის საერთაშორისო ორგანიზაციების ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავდა. აღნიშნული ინიციატივა  სპორტსმენებსა და საზოგადოებას შორის ქცევის კონკრეტულ წესებს დაარეგულირებს.

“ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც სპორტსმენები მხილებულნი არიან ძალადობრივ ქმედებებში. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მოახლოებულ საარჩევნო პერიოდში კონკრეტული პარტიული ინტერესების ძალისმიერად გადაწყვეტის პროცესში სპორტსმენების აქტიური გამოყენება არ არის გამორიცხული. ჩვენ შაქარაშვილის საქმიდან მიღებული გაკვეთილი გავითვალიწინეთ და შევიმუშავეთ სისტემური მიდგომა, რათა სპორტმენების ძალადობაში ჩართვის წახალისება არ მოხდეს’’, – განაცხადა ანა დოლიძემ.

“მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერის მიერ წარგენილი “შაქარაშვილის ქარტია“ 10 პრინციპს მოიცავს, რომლებიცაა:

  1. ადამიანის ღირსების დაცვა სპორტსმენისთვის უნდა იყოს საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტური მოთხოვნა.
  2. სპორტსმენი ვალდებულია დაიცვას პროფესიული და ეთიკური სტანდარტი საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელთან ურთიერთობის დროს.
  3. დაიცვას ლოიალობის, ჰუმანიზმის და პატიოსნების პრინციპები ყველა ურთიერთობაში.
  4. სპორტსმენი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას – რასობრივი, სქესობრივი, ეთნიკური, რელიგიური, ფილოსოფიური, პოლიტიკური შეხედულებები, ოჯახური მდგომარეობა ან ნებისმიერი სხვა მიზეზი.
  5. შეუწყნარებელი უნდა იყოს სპორტსმენის ჩართვა დანაშაულებრივ, არაკეთილსინდისიერ, ჩაგვრის, დაშინების, ძალადობის ფაქტებში.
  6. სპორტსმენები უნდა ახდენდნენ სრულ გამიჯვნას და ნეიტრალიტეტს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ან ძალის ინტერესებისგან, როდესაც საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან.
  7. სპორტსმენი არ უნდა იყენებდეს საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობას ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ ძალის იდეოლოგიის გატარებაში.
  8. სპორტის ფედერაციები და კავშირები ვალდებულნი არინა დაიცვან და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით აიღონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა სპორტსმენთა თვითშეგნების და ქცევის წესების ამაღლებაში.
  9. შაქარაშვილის ქარტიის წესების დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს სპეციალური კომისიას, რომელიც იღებს ვალდებულებას, როგორც ნეიტრალური არბიტრი, შეაფასოს და აღასრულოს ქარტიაში გაწერილი წესები.
  10. საქართველოს კანონი სპორტის შესახებ (მუხლი 23) სახელმწიფო ხელს უწყობს და ზრუნავს სპორტის განვითარებაზე და ამ მიზნით ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსებას. 

ამავე ინიციატივის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი სპორტული ფედერაციის ან კავშირის სპორტსმენი აღნიშნულ წესებს დაარღვევს, პასუხისმგებლობა მთლიანად ფედერაციას ან კავშირს უნდა დაეკისროს. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფომ მათ საბიუჯეტო სანქცია უნდა დაუწესოს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი