ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმე: პროკურატურა სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ სასამართლო სხდომის გადადება ითხოვს

20 ივლისი, 2020 • 1051
შაქარაშვილის საქმე: პროკურატურა სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ სასამართლო სხდომის გადადება ითხოვს

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს მიმართეს სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადების თხოვნით.

“ვინაიდან საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მოითხოვს უკვე დანიშნული ათეულობით ექსპერტიზის დასრულებას, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს და დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, ბრალდების მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, მხოლოდ სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ,”- წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობითვე, დაკავებული არასრულწლოვნების შემთხვევაში, რადგან ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით” სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სამართლებრივი დევნის დაწყებიდან არაუგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე უკვე განსაზღვრულ ვადაში  წარიმართება სასამართლოში.

“აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას”,-აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის მიერ დღეს, 20 ივლისს, გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე.  სხვადასხვა ბრალდებით ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი, მათ შორის- 6 არასრულწლოვანი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომის 31 ივლისაა დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი