ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისში დეზინფორმაცია უწოდეს Haqqin.az-ის სტატიას

20 ივლისი, 2020 • 2565
თბილისში დეზინფორმაცია უწოდეს Haqqin.az-ის სტატიას

აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო გამოცემა Haqqin.az აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთმა და სერბეთმა სომხეთს იარაღი მიაწოდეს.

20 ივლისს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანში სერბეთის ელჩი დანიკა ვეინოვიჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ის აცხადებს, რომ არაფერი იცის იარაღის შესაძლო მიწოდების ფაქტის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია არა მხოლოდ უარყვეს, არამედ მას „დეზინფორმაცია“ უწოდეს და „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ პუბლიკაცია „მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ“.

რას და რაზე დაყრდნობით წერს გამოცემა Haqqin? რას წარმოადგენს ეს მედიასაშუალება, ვინ არის მისი დამფუძნებელი და რა კავშირშია აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან?

რას წერს Haqqin?

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივლისს განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

გამოცემა Haqqin.az-მა 19 ივლისს გამოაქვენა სარედაქციო სვეტი, რომელშიც „სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასა“ და „სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით“ წერენ, რომ სერბეთმა და რუსეთმა სომხეთს საქართველოს გავლით იარაღი მიაწოდეს 12 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე.

[სომხეთი, რომლის სტრატეგიული პარტნიორია რუსეთი, სამხედრო კონფლიქტშია აზერბაიჯანთან. რუსეთი, თავის მხრივ, იარაღს აზერბაიჯანსაც აწვდის, რაც სომხეთში უკმაყოფილების საფუძველია].

გამოცემა „სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით“ წერს, რომ სერბეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების მსხვილი პარტია ჩაიტანეს.

რაც შეეხება რუსეთს — Haqqin წერს, რომ „სოციალურ ქსელებში“ გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, იმავე პერიოდში სომხეთს რუსეთიდან, ასევე საქართველოს გავლით, მიაწოდეს ნაღმტყორცნებითა და გრადის დანადგარებით აღჭურვილი „კამაზის“ ფირმის ავტომობილები.

„ამ ფაქტებმა აზერბაიჯანული მხარის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია“, – წერია გამოცემის სარედაქციო სვეტში.

ამავე პუბლიკაციაში, ერთი მხრივ, სიმტკიცითაა გამოთქმული ვარაუდი, რომ ბაქო ბელგრადს განმარტებებს მოსთხოვს, მეორე მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლებაა დამუნათებული შესაძლო „გაუფრთხილებლობის“ გამო.

სტატიაში ასევე წერენ, რომ „სომხეთი ხმას აძლევს საქართველოს ტერიტორიული ერთობის წინააღმდეგ“ [ეს ნაბიჯი ყარაბაღის საკითხითაა განპირობებული, ბოლო კენჭისყრაში კი სომხეთმა საერთოდ თავი შეიკავა], აზერბაიჯანმა კი საქართველოს დიდი დახმარება გაუწია 2008 წლის ომში.

ამის საპირწონედ Haqqin.az წერს, რომ სომხეთი დახმარების სახით იღებს ჭურვებს და ნაღმტყორცნებს, აზერბაიჯანი კი – „პროვოკაციებს ქეშიკჩიდაღში (დავითგარეჯაში)“, „აზერბაიჯანის მეორე რესპუბლიკის დამფუძნებლის, ნარიმან ნარიმანოვის [ბოლშევიკი ფიგურის] კრიტიკას“ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს და აზერბაიჯანელი „ინვესტორების [ენერგეტიკის სფეროში] გაძევების მზაკვრულ მცდელობებს“…

„ჩვენ დაველოდებით ბაქოს, რომ დიპლომატიური და პოლიტიკური არხებით მოითხოვოს ოფიციალური ახსნა-განმარტებები თბილისისგან სომხეთისთვის საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით“, – ასე სრულდება სარედაქციო სვეტი.

რა არის Haqqin?

Haqqin.az პროსახელისუფლებო გამოცემაა, რომელიც ყოფილი პოლიტიკური პატიმრის, ეინულა ფატულაევის დაფუძნებულია. „ნეტგაზეთი“ წარსულშიც წერდა გამოცემისა და მისი დამფუძნებლის შესახებ:

ფატულაევი პოლიტპატიმარი იყო — „სინდისის პატიმარი“ — 2005 წელს კრიტიკული რეპორტაჟების მომზადების გამო დააკავეს და წლების განმავლობაში იჯდა ციხეში.

2011 წელს, როდესაც პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მისი სრული ტრანსფორმაცია მოხდა — მის ობიექტივში ექცეოდა არა ხელისუფლება, არამედ ხელისუფლების ოპონენტები. დღემდე ასე გრძელდება.

2017 წლის გაზაფხულიდან, haqqin-ზე ფატულაევის გამოქვეყნებული არაერთი პუბლიკაციის შემდეგ, სადაც თითქოსდა „თბილისის მიწისქვეშეთში მომუშავე ანტიაზერბაიჯანულ ქსელზე“ წერდა — ამ სტატიებში ნახსენებ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ერთი-მეორის მიყოლებით შეექმნათ პრობლემები:

  • აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და დააპატიმრეს;
  • მეჰმან გალანდაროვი ჩამომხრჩვალი იპოვეს, დაღუპვის ოფიციალურ ვერსიას სუიციდი სახელდება;
  • გოზალ ბაირამლი, მუხთარლის მსგავსად, „საზღვრის უკანონო კვეთის“ და „კონტრაბანდის შეტანის“ ბრალდებით დააპატიმრეს;

[ამ საკითხზე ვრცლად გირჩევთ: საქართველოდან ციხეში — აზერბაიჯანელი აქტივისტების ისტორიები]

გამოცემა „ევრაზიანეტის“ (Eurasianet) თანახმად, ეინულა ფატულაევის კრიტიკული პუბლიკაციები უძღოდა წინ 2013 წელს აზერბაიჯანიდან აშშ-ის დემოკრატიული პარტიის დაფუძნებული „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI-ს) გაძევებას.

როგორც „ევრაზიანეტი“ წერს, ბაქოში არაერთ ადამიანს მიაჩნია, რომ ფატულაევი ოპერირებს ილჰამ ალიევის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ფუად ალესკეროვის, უშუალო ზედამხედველობით და „Haqqin-ის თავდასხმები რეჟიმის ოპონენტებზე იქიდან არის ორკესტრირებული“, რასაც ფატულაევი უარყოფს.

სერბეთის საკითხი

მეორე დღეს, 20 ივლისს, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანში სერბეთის ელჩი დანიკა ვეინოვიჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს ელჩის შესახებ  მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სერბეთის ელჩს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ „სანდო და დადასტურებული ინფორმაციით, სერბეთიდან სომხეთში გაგზავნეს იარაღის დიდი რაოდენობა, მათ შორის, ნაღმტყორცნები და სხვადასხვა კალიბრის იარაღი“, რაც „თოუზზე [აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონი სომხეთთან, რომლის სიახლოვესაც დაპირისპირებები მიდინარეობს] თავდასხმისთვის გამოიყენეს“.

მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სერბეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე, „აზერბაიჯანელ ხალხსა და ლიდერებში ძლიერ სინანულს და მწარე იმედგაცრუებას იწვევს სერბეთის მხარის არამეგობრული ნაბიჯი“.

თავის მხრივ, სერბეთის ელჩმა, დანიკა ვეინოვიჩმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა, დადო პირობა, რომ გადასცემდა ინფორმაციას სერბეთის მხარეს და გამოთქვა იმედი, რომ სერბულ-აზერბაიჯანული სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები არ დაზიანდება.

გამოხმაურებები საქართველოში

Haqqin-ის გავრცელებულ ამბავს პოლიტიკური პარტიები საქართველოში სხვადასხვაგვარად გამოეხმაურნენ — მმართველმა გუნდმა დეზინფორმაცია უწოდა, ოპოზიციამ კი კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა.

მაგალითად, პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის წარმომადგენელმა, უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ამ ამბავს „ჭორი“ უწოდა, რასაც „საქართველოსთვის ზიანის მეტი არაფრის მოტანა არ შეუძლია“:

„განსაკუთრებით, წინასაარჩებვნო პერიოდში, როდესაც ვიცით, რომ აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობა საკმაოდ ბევრია რეგიონებში და ამ ხნის მანძილზე ვინარჩუნებთ და ინარჩუნებდნენ კეთილ ურთიერთობას, როგორც თანამოქალაქეები“, – თქვა მან.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ კი თქვა: „თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ეს არის არა მარტო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის და ჩვენი ორივე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, არამედ ეს არის საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის წინააღმდეგ გადადმული ნაბიჯი“.

გიგა ბოკერიას თანახმადვე, „თუ არ არის სიმართლე, ამას სჭირდება არა სისულელეების ლაპარაკი, როგორც, გიორგი ვოლკის მსგავსად, ოპოზიციას და მედიას სდებენ ბრალს, არამედ მაღალი დონის აღმასრულებელი ხელისუფლების სწრაფი რეაგირება, საჯარო და, ამავე დროს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის და საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნება, რომ ეს არის სიცრუე“.

საგარეო უწყების დეპარტამენტის კომენტარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა „ნეტგაზეთს“ მიაწოდა პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის შემდეგ კომენტარი:

„ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედიასაშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობებს. სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოსდა სერიოზული ინტერნეტ- გამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველო- აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას“.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა, რომელიც ვითარდება და ღრმავდება, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და მათ შორის, ერთობლივად ახორციელებს მრავალ მნიშვნელოვან რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტს. აღნიშნული სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ“, – ამბობენ პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი