ახალი ამბები

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსზე ხომალდი გაუშვა

20 ივლისი, 2020 • 795
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსზე ხომალდი გაუშვა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსის ორბიტაზე კოსმოსური ზონდი გაუშვა. ხომალდი, სახელწოდებით The Hope, იაპონიაში მდებარე ტანეგასიმას კოსმოსური ცენტრიდან რაკეტით H2-A გაუშვეს. ფრენა თბილისის დროით 01:58 საათზე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ არაბული ქვეყნების ისტორიაში ეს არის პირველი ფრენა სხვა პლანეტისკენ.

თავდაპირველად ზონდის გაფრენა 14 ივლისს იგეგმებოდა, თუმცა გასულ კვირაში ცუდი ამინდის გამო რამდენჯერმე გადაიდო. 

კოსმოსურ ხომალდს, The Hope-ს წითელ პლანეტამდე მისაღწევად 7 თვე დასჭირდება და  დანიშნულების ადგილზე 2021 წლის თებერვალში მივა. 

აღნიშნული მისია გაგრძელდება მარსის ერთი, ხოლო დედამიწის თითქმის 2 წლის – 687 დღის განმავლობაში. მისიის ფარგლებში წითელი პლანეტის ატმოსფეროს შესწავლა იგეგმება, კონკრეტულად კი, მასთან მზის ქარების ურთიერთქმედებისა და პლანეტის მიერ წყალბადისა და ჟანგბადის დანაკარგის მონიტორინგი. 

CNN-ის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების გარდა, ამ თვეში მარსზე მისიას ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთიც გეგმავენ. აღნიშნული კი აიხსნება იმ ფაქტით, რომ წითელი პლანეტა და დედამიწა ამ პერიოდში ყველაზე მცირე მანძილით იქნებიან ერთმანეთისგან დაშორებულნი. 

აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს 2117 წლისთვის მარსზე კოლონიის დაფუძნების ამბიცია აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი