ახალი ამბები

როგორ დავიცვათ თავი ყირიმ-კონგოსგან

18 ივლისი, 2020 • 1910
როგორ დავიცვათ თავი ყირიმ-კონგოსგან

ყირიმ-კონგოს დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები ინსტრუქციის და უსაფრთხოების წესების დაცვით, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დაამუშაონ.

გარდა ამისა, სააგენტოს რეკომენდაციაა, ადამიანებმა მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს; ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და ორკაპას გამოყენებით მოაშორონ პროფილაქტიკის მიზნით,

ცხოველებში ყირიმ-კონგოს გავრცელების შესწავლის მიზნით, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) მხარდაჭერით, ვეტერინარიის დეპარტმენტის სპეციალისტები სამცხე-ჯავახეთში სერომონიტორინგის კველვას ატარებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო, ყირიმ-კონგოს  საწინააღმდეგო ღონისძიებებს დაავადების გამოვლენის კერებში ყოველწლიურად ახორციელებს. სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და შიდა ქართლში ინსექტოაკარიციდული პრეპარატით 3100-ზე მეტი სული მსხვილფეხა პირუტყვი დაამუშავეს.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა და ბუნებრივ კეროვან ინფექციას წარმოადგენს. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება. ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები და ის პირები, ვინც საველე სამუშაოებს ახორციელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი