ახალი ამბები

“კომიკურობამდე მისული დეზინფორმაცია” – ღამურების, ოკუპაციისა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

17 ივლისი, 2020 • 6205
“კომიკურობამდე მისული დეზინფორმაცია” – ღამურების, ოკუპაციისა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

გორის რაიონის სოფელ მეჯვირსხევის მკვიდრი ხვიჩა მღებრიშვილი სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ღამურების მოსაძებნად გადავიდა – ასეთია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ვერსია. უშიშროების სამსახურმა დაკავებულის აღიარების ვიდეომასალაც გაავრცელა და ამბავი ლუგარის ლაბორატორიას დაუკავშირა. ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის აზრით, ეს აღიარება ან ხუმრობაა, ან ზეწოლის შედეგად არის მიღებული.

რა მოხდა?

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 16 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით 3 ივლისს დააკავეს,  დაინტერესებული იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბინადარი ღამურებით, რომლებიც 5-10 ათას აშშ დოლარად უნდა გაეყიდა.

“საჭიროა განვმარტოთ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გავრცელებული ღამურების პოპულაცია, 2012 წლის შემდეგ, ლუგარის სახელობის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინტერესს წარმოადგენს”, – ნათქვამია უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

დაკავებული ყვება, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თითო ღამურა 5-10 ათას დოლარად იყიდება, თბილისთან მცხოვრები ვინმე ზაზასგან აქვს, რომლის გვარიც არ ახსოვს.

ხვიჩა მღებრიშვილის ძმა ჯუმბერ მღებრიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამ ვერსიას სასაცილოს უწოდებს და მისი ძმის ღამურების ბიზნესით დაინტერესებას გამორიცხავს.

“თქვენ არ გაგეცინათ, ეს რომ გაიგეთ? ყველას გვეცინება, არც კი ვიცი, რა უნდა გითხრათ… არასწორი ამბავია. რეალურად, რაც აწყობთ, იმას ათქმევინებენ. ან თვითონ არ რცხვენიათ? ვის უნდა დააჯარონ ეს საერთოდ? თუ ღამურები უნდოდა, აქ არ არის, თუ იმათი ღამურები უფრო ძვირიანია?! ჩემამდე არ მოდის, ასეთი რამე როგორ მოიფიქრეს. ან თავის თავს იგდებენ მასხრად [ოსური მხარე], ან ჩემი ძმა იგდებს მაგათ მასხრად”, – ამბობს ჯუმბერ მღებრიშვილი.

მისთვის უცნობია, ხვიჩა მღებრიშვილმა საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა, თუ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ოსური მხარის გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზი.

რუსული პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მშენებლობა, აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო, უახლესი შენობა კი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. მას შემდეგ არსებობს ძირითადად რუსული წყაროებიდან მომდინარე შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, რომ პენტაგონის დაფინანსებული ლაბორატორიის მიზანს სინამდვილეში აშშ-ის მიერ ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციისთვის გვერდის ავლა და ბიოდივერსიების მოწყობა წარმოადგენს; რომ აქ ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან, მათ შორის, ზიკას ვირუსიც თბილისში, კახეთის გზატკეცილზე არის გამოყვანილი და ა.შ.

რუსეთიდან მომავალ პროპაგანდაში აქტიურადაა ჩართული სამხრეთ ოსეთიც. მაგალითად, 24 მარტს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებამ გაავრცელა მორიგი განცხადება, სადაც წერენ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ლუგარის ლაბორატორიით ბაქტეროლოგიურ საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს. 2020 წლის 6 ივლისს სამხრეთ ოსეთის სამთავრობო ტელე-რადიოკომპანია ИР-მა გაავრცელა ფილმი, სახელწოდებით “ცდები საქართველოს მოსახლეობაზე – რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში?” ვიდეოში კონსპირაციებს იმის შესახებ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში აშშ-ის დავალებით ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ცდები ტარდება, რუსეთთან დაკავშირებული ქართველი რესპოდენტების – ალექსანდრე ჭაჭია, ვალერიან ხაბურძანია და ვლადიმირ ხომერიკი – ახმოვანებენ.

ღამურები ზოონური პათოგენების ერთ-ერთი ძირითადი რეზერვუარები, მათ შორის, კორონავირუსების ბუნებრივი გადამტანები არიან ბუნებაში და აქედან გამომდინარე, ლაბორატორიების მუდმივი კვლევის საგანს წარმოადგენენ. გამონაკლისი არც ლუგარის ლაბორატორიაა, რომელმაც მსოფლიოში პირველად იპოვა ღამურებში ბრუცელოზის გამომწვევი. თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არც ფულს იხდიან ღამურებში და, მით უმეტეს, არც მოქალაქეებისგან არ იბარებენ.

“ლუგარის ლაბორატორიას თავად ჰყავს ჯგუფი, რომელიც დადის და აგროვებს ნიმუშებს კვლევებისთვის. ეს ინფორმაცია არის ჩვენი არამოსურნე მეზობლების მიერ ჩვეულებრივი ტყუილი, დადგმული პროვოკაცია. ლუგარის ლაბორატორიაში ღამურებზე ბევრი კვლევა ტარდება. ცოფს ვეძებთ ღამურებში, სხვა დაავადებას ვეძებთ, მათ შორის, სხვა ტიპის კორონავირუსებს ვეძებთ. ღამურები ერთ-ერთი გადამტანია სხვადასხვა დაავადების და ბევრი კვლევა ტარდება. ჩვენ ხალხს კი არ ვეუბნებით მოგვაწოდონ, სპეციალური ჯგუფებია ჩვენი ზოოენტემოლოგიური ჯგუფები, ვინც იკვლევენ და ეძებენ ამ ნიმუშებს”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

“ისეთს იტყვიან ხოლმე, რომ სერიოზულად პასუხის გაცემა მიჭირს. სატირელი რომ არ იყოს, ძალიან სასაცილო იქნებოდა ნამდვილად, რადგან ღამურების კვლევა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე „კოვიდის“ ისტორიამაც დაადასტურა. ღამურებს იკვლევს ყველა მთელ მსოფლიოში, ვისაც შეუძლია, რომ ღამურების კვლევები აწარმოოს. სხვათა შორის, ჩვენი რუსი კოლეგებიც იკვლევენ ღამურებს. იქნებ ისინი იძლევიან ხუთი ათას დოლარს? ჩვენ ნამდვილად არ ვიძლევით ხუთი ათას დოლარს, რადგან ჩვენ ღამურებს რომ ვიკვლევთ, ბუნებაში ვაბრუნებთ“, – თქვა ლუგარიც ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ოსური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.

“სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი, თავდაცვის ყოფილ მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ღამურების შესახებ ისტორია დეზინფორმაციის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს.

“როდესაც ეს ინფორმაცია წავიკითხე, დაახლოებით ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრის შესახებ აღიარებითი ჩვენების განცდა შემექმნა, როცა იმხელა სისულელე უნდა თქვა, რომ სისულელის მასშტაბიდან გამომდინარე დამაჯერებელი აღმოჩნდეს – იფიქრო, ამას როგორ მოიგონებდნენო. სერიოზულად კი, ვნახეთ გამყრელიძის და იმნაძის განცხადებები და, ვფიქრობ, სრულიად ერთმნიშვნელოვანი და გასაგები პასუხია გაცემული იმაზე, თუ როგორ ტარდება ექსპერიმენტები, როგორ ხდება ნიმუშების შეგროვება და ვინ არის ამ საქმეში ჩართული. საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში კერძო ბიზნესია ჩართული ღამურების შეგროვებაში, არასერიოზულია. ეს არის კლასიკური მაგალითი დეზინფორმაციისა. მოგეხსენებათ, დეზინფორმაცია არ არის აუცილებლად თავიდან ბოლომდე ტყუილი, ის სიმართლის მარცვალს შეიცავას, ოღონდ მთავარია, ეს  სიმართლე ისე იყოს მოდიფიცირებული და დამახინჯებული, რომ სრულიად განსხვავებული რეალობა შექმნას. რეალურად, ჩვენ გავიგეთ გამყრელიძის განცხადებით, რომ ქვეყანაში ხდება ამ ტიპის ნიმუშების აღება და ცდების ჩატარება, ამასობაში რუსეთმა შემოგვთავაზა ამ სიმართლის მოდიფიცირებული ვარიანტი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ხიდაშელმა.

თავად მღებრიშვილის აღიარების ვიდეოს კომენტირებისას ხიდაშელი ამბობს, რომ დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, როდესაც უცნობია, რა ვითარებაშია ჩაწერილი ვიდეო და როგორ არის დამონტაჟებული, თუმცა “თუ ყველაფერი ისეა, როგორც გვითხრეს, ამ ადამიანს [ხვიჩა მღებრიშვილს] სერიოზლი იუმორის გრძნობა ჰქონია”.

ოფიციალური თბილისის პასუხი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ აბსურდი უწოდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმები და რუსეთის ფედერაცია აგრძელებენ პროპაგანდისტული ნაბიჯების გადადგმას და პროპაგანდისტულ შეტევას ლუგარის ლაბორატორიაზე. ამ ნაბიჯების ერთადერთი მიზანია ამ ლაბორატორიის დისკრედიტაცია.

„რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია ცდილობს, ერთი მხრივ, ამ ლაბორატორიის და, მეორე მხრივ, იმ საერთაშორისო კონვენციების დისკრედიტაციას, რაღაც სახით რევიზიას, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას, უფრო მეტი გავლენა ჰქონდეს ასეთი ლაბორატორიების მუშაობაზე. საქართველოს არაფერი არ აქვს სინამდვილეში დასამალი და დგამს კიდეც კონვენციით გათვალისწინებულ ნაბიჯებს. კონვენცია ითვალისწინებს ნაბიჯებს, რომლის ფარგლებშიც ღიაობა უზრუნველყოფილია ასეთი ტიპის ლაბორატორიებში. მაგალითად, 2018 წელს, როცა ასევე მძლავრი იყო შეტევები ლუგარის ლაბორატორიაზე, საქართველომ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმები აამუშავა, როდესაც მოხდა საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა საქართველოში და, შესაბამისად, იგივე საჯაროობის ამოცანებიდან გამომდინარე მოხდა ლუგარის ლაბორატორიის სპეციფიკისა და დეტალების გაცნობა ამ საერთაშორისო ექსპერტებისთვის. საქართველო ყოველთვის მზადაა, საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული მექანიზმები გამოიყენოს. არ ვაპირებთ არც ამაზე მეტი ნაბიჯის გადადგმას და არც ნაკლების“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევსა და ხვიჩა მღებრიშვილის – საკითხი დააყენა ქართულმა მხარემ ვენაში გამართულ ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე.

სხდომის ფარგლებში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ნორვეგიის,  კანადის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა. მათ ერთხმად დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმეს საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონოდ დაკავების ფაქტი.

 

რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი