ახალი ამბები

ომბუდსმენი არასდროს რეაგირებს პრეზიდენტის მიმართ შეურაცხყოფაზე – ადმინისტრაცია

17 ივლისი, 2020 • 778
ომბუდსმენი არასდროს რეაგირებს პრეზიდენტის მიმართ შეურაცხყოფაზე – ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ სახალხო დამცველი და მისი აპარატი სალომე ზურაბიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე არასდროს რეაგირებს.

ადმინისტრაციის აღნიშნული განცხადება ნინო ლომჯარიას მხრიდან ზურაბიშვილის კრიტიკას მოჰყვა. ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას თქვა – „ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის არაქართული“.

ლომჯარიამ ეს განცხადება შემდგომ გააკრიტიკა და განმარტა, რომ „ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად იქნება, ძალადობა ძალადობაა და ეს კრიმინალია“.

დღევანდელ განცხადებაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლომჯარიას სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ სახალხო დამცველის მოვალეობა მოქალაქეთა უფლებების დაცვაა, თუმცა:

„საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ომბუდსმენმა თავი აარიდა რეაგირებას ქალი კანდიდატის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და თუნდაც მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე, რომელიც შემდგომში სასამართლოს მიერ დადასტურდა.

აგრეთვე, სახალო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და აგრეთვე მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს“, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ადმინისტრაცია ამბობს, რომ ომბუდსმენმა ზურაბიშვილის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე შეაფასა.

„არა მხოლოდ ზემოხსენებული განცხადება, არამედ საქართველოს პრეზიდენტის ყველა გამოსვლა გმობს ძალადობას და პოლარიზაციას და მიმართულია შერიგებისა და ერთიანობისკენ. მოცემული განცხადება ახალგაზრდებს მოუწოდებს არა ძალადობისკენ, არამედ აღიარებასა და მონანიებისკენ“, – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის არაქართული – ზურაბიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი