ახალი ამბები

ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის არაქართული – ზურაბიშვილი

15 ივლისი, 2020 • 933
ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის არაქართული – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ ჯგუფური ძალადობა “არის არაქართული”.

“მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული ძალადობა ადამიანებზე. ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული და, მე მგონი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით, არა დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქმე უფრო სწრაფად წავიდოდა წინ, თუკი გამოძიებას პროკურატურას მიანდობდნენ.

“ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ, რომ გადავიქცე გამომძიებლად და, სხვათა შორის, პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო ჩქარა წავიდოდა წინ საქმე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, თუმცა ბრალი ამ მუხლით ჯერ არავის წაყენებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი