ახალი ამბები

როგორ აფასებს ფეისბუკზე პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობას ოპოზიცია და “ოცნება”

16 ივლისი, 2020 • 1300
როგორ აფასებს ფეისბუკზე პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობას ოპოზიცია და “ოცნება”

არჩევნების დემოკრატიულად წარმართვისთვის აუცილებელი და წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მობოჭვის საშუალება – ასე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები ფეისბუკის გადაწყვეტილებას პოლიტიკური და საარჩევნო რეკლამების გამჭვირვალობის მკაცრ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, 16 ივლისს გახდა ცნობილი. “ფეისბუკის” გადაწყვეტილებას მიესალმება “ქართული ოცნებაც”. 

“ჩვენ ვაცნობიერებთ, იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დემოკრატიული პროცესების მართვისა და უსაფრთხო, დაცული და თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად გვაკისრია”, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც “ფეისბუკმა” მედიის ნაწილსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმდინარე წლის 29 ივნისს გაგზავნილი ღია წერილის საპასუხოდ მისწერა.

“ფეისბუკის”  წერილიდან ვიგებთ, რომ 2020 წლის აგვისტოს დასაწყისიდან სოციალურ ქსელში განთავსებული საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამები გამჭვირვალე გახდება. კერძოდ, რეკლამის დამკვეთი პირი ან ორგანიზაცია ვალდებული იქნება, გაიაროს ავტორიზაცია და დაადასტუროს ვინაობა.

ამასთან, “ფეისბუკის”  ნებისმიერი მომხმარებლისთვის ღია იქნება ისეთი მონაცემები, როგორებიცაა – რეკლამის დამკვეთის მისამართი, მისი საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული ფოსტა და ვებგვერდი. აღნიშნული ინფორმაცია რეკლამების ბიბლიოთეკაში 7 წლის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი და ნებისმიერ მსურველს მისი გაფილტვრა და გადმოწერა შეეძლება. 

“ფეისბუკის”  წერილში ასევე საუბარია საქართველოში მოქმედ კოორდინირებულად მოქმედ ანგარიშებზე, გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში მათ საწინააღმდეგოდ გატარებულ სანქციებსა და სოციალური ქსელის გაუმჯობესებულ ალგორითმზე, რომელიც ყალბი ანგარიშების პოვნასა და დაბლოკვას გაამარტივებს.

რას ფიქრობს სიახლეზე ოპოზიცია

“ფეისბუკის”  წერილსა და სოციალურ ქსელში პოლიტიკური და საარჩევნო რეკლამის გამჭვირვალობის შესახებ მოთხოვნას ოპოზიციის წევრები დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლეა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის.

“ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი სიახლეა და მივესალმებით ყველა სახის გამჭვირვალობას, რაც საარჩევნო პროცესს უკავშირდება”, – უთხრა ნეტგაზეთს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა. 

სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლებისთვის პოლიტიკური რეკლამის ბიბლიოთეკის [Ad library] ხელმისაწვდომობას ასევე დადებითად აფასებს ნეტგაზეთთან საუბარში პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი და აღნიშნავს, რომ პარტია მზადაა მსგავსი ფინანსური გამჭვირვალობისთვის.

“საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული გამჭვირვალობა “ლელოსთვის” ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მობოჭვის საშუალებაც კი იქნება. თუმცა გამჭვირვალე წინასაარჩევნო პროცესის წარსამართავად, შესაძლოა, აღნიშნული სიახლე დამოუკიდებლად არ იყოს საკმარისი. ამომრჩეველზე გავლენის მოსახდენად და ხმების მოსასყიდად გამოყენებული არაერთი სხვა ხერხია ცნობილი ჩვენთვის”, – აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რომ “ფეისბუქის”  მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინა წლებში მიღებულ გამოცდილებას უკავშირდება და ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე და გასულ წლებში სოციალურ ქსელში “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ანგარიშების დაბლოკვაზე. 

“როგორც ვიცით, “ქართული ოცნება” ძირითადად “ფეისბუკს” იყენებს და ჩვენთვის უკვე ცნობილია, თუ რა ხერხებს მიმართავდა გასულ წლებში იგი სოციალურ ქსელში საზოგადოების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად. წინასაარჩევნო პერიოდში გამჭვირვალე პოლიტიკური რეკლამები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია”, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

რას ფიქრობს სიახლეზე საპარლამენტო უმრავლესობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, “ფეისბუკის”  ეს გადაწყვეტილება აწყობს “ქართულ ოცნებას” და დააზიანებს – “ნაციონალურ მოძრაობას”.

“მისასალმებელია „ფეისბუკის“ ასეთი დამოკიდებულება. გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, ყველაზე ძალიან ასეთი დამოკიდებულება გამჭვირვალობაზე აწყობს “ქართულ ოცნებას”. მართლა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არცერთი “ფეიკი” არ მუშაობს – ასეთ თვითშემოქმედებას, სამწუხაროდ, ხშირად ვაწყდები და ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სისტემური ხასიათი ამას სხვა მხრიდან აქვს. არცერთი პოლიტიკური სუბიექტი, პოლიტიკური პარტია, გარდა “ნაცმოძრაობისა”, თავის ოფიციალურ განცხადებაში “ფეისბუქს” არასდროს” უხსენებია. „ნაცმოძრაობა“ არის ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის სამარკო ნიშანია, მისი პიარ კამპანიის დამახასიათებელია და საფუძველია ტყუილი, ფეიკნიუსები. ბუნებრივია, ყველაზე ძალიან ვისაც დააზიანებს [“ფეისბუქის” გადაწყვეტილება], იქნება „ნაცმოძრაობა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადება იმის შესახებ, რომ “ფეისბუკს” არავთენტური ქცევის კონტექსტში “ნაციონალური მოძრაობის” გარდა სხვა პარტია არასდროს უხსენებია, სიმართლეს არ შეესაბამება. 2019 წლის დეკემბერში ფეისბუკმა განაცხადა, რომ საქართველოში გააუქმა 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან.

FB საქართველოსთვის პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკას ქმნის – ბენიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი