პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნა მთავრობის სხდომაზე “უაღრესად მნიშვნელოვნად” შეაფასა და ცილისწამება უწოდა კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც აღნიშნულ პროექტთან და მისი განხორციელების ფორმებთან დაკავშირებით გასულ წლებში ისმოდა. პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ დღეს, 16 ივლისს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე არამხოლოდ გურიისთვის. ეს იყო მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, როდესაც გაიხსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი: უნიკალური პროექტი, რომელიც განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად.

…მაგრამ სიმბოლური მაინც აქ სხვა არის: სიმბოლური გახლავთ ის, რომ წლების განმავლობაში, ცილისწამების მიუხედავად, ეს დიდი საქმე [გაკეთდა] ბუნების დიდი სიყვარულით და [გაიხსნა] ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის უნიკალური პარკი, რომელიც არ არის მხოლოდ საქართველოსთვის უნიკალური, ეს არის მსოფლიოში უნიკალური პარკი. [ის] ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, ბავშვებისთვის და ქვეყნის სტუმრებისთვის.

კიდევ ერთხელ უნდა დავინახოთ, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფრის მიუხედავად, სიმართლე იმარჯვებს”, – თქვა მან.

15 ივლისს შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. პარკი 60 ჰექტარზეა განთავსებული. აჭარა-გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან წაღებულ გიგანტურ ხეებთან ერთად, პარკში მისულ დამთვალიერებელს მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა დახვდება. პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათი უმრავლესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი.

აჭარის რეგიონში მინიმუმ 13 ადგილია, სადაც ხეები ამოიღეს და ზღვით წაიღეს ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში. ხეების გადატანის პროცესში მუდმივად ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. მიუხედავად იმისა, რომ ორ წელზე მეტი გავიდა, არცერთი ადგილი, საიდანაც ხეები მოთხარეს, სრულყოფილად აღდგენილი არაა.

ვრცლად:

როგორ იქმნებოდა დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში