ახალი ამბები

კახეთის ორი მუნიციპალიტეტი სეტყვამ დააზარალა

16 ივლისი, 2020 • 1224
კახეთის ორი მუნიციპალიტეტი სეტყვამ დააზარალა

კახეთის ორი მუნიციპალიტეტი გუშინ ღამით სექტყვამ და ძლიერმა ქარმა დააზარალა. როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი სოფელ კონდოლს მიაყენა, სადაც სახლებს სახურავებიც გადახადა.

ქადაგიშვილი როგორც ამბობს, მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების გადახურვაში მუნიციპალიტეტი დაეხმარება. გუბერნატორი ნეტგაზეთს ასევე ეუბნება, რომ ძლიერმა ქარმა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ხეებიც წააქცია და გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს.

“ამ დროისთვის მუნიციპალური სამსახურები გასულები არიან და ზარალის აღრიცხვა მიმდინარეობს. შემდეგ უკვე ადგილობრივი ხელისუფლება დაიწყებს დაზარალებულთათვის შენობის სახურავების შეკეთების პროცესს. სავარგულებიც არის გარკვეულწილად დასეტყვილი. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გუშინ აქტიურად მუშაობდა და, როგორც შესაძლებელი იყო, შეარბილა ზარალი, რადგან ძალიან დიდი სტიქია იყო” ,- ამბობს ქადაგიშვილი.

გუბერნატორის თქმითვე, სეტყვამ ვენახებიც დააზარალა, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ასახელებს, კონკრეტულად რამდენი ჰექტარი ვენახია დასეტყვილი ამ ორ მუნიციპალიტეტში.

კითხვაზე, თუ გაიცემა რაიმე სახის კომპენსაცია დასეტყვილი ვენახების გამო, ქადაგიშვილი გვპასუხობს:

“ყურძნის ნაწილზე სახელმწიფოს აგროდაზღვევის სპეციალური პროგრამა აქვს. ვინც ამ პროგრამით სარგებლობს, მას სადაზღვევო კომპანია ზარალს სრულად უნაზღაურებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი